51 წლის IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის დედის თქმით, მისმა შვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეაღწია და მოიპოვა 33 ვიდეოფაილი, რომელშიც ასახულია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა.
ეთერ ხატისკაცის თქმით, შვილმა მას ამ კადრების ნაწილი 2025 წელს გადასცა და უთხრა, რომ არავისთვის ეჩვენებინა.
ეთერ ხატისკაცი ამბობს, რომ კადრები გიორგიმ ასევე აჩვენა ერთ-ერთ პირს, რომელმაც, მისი ვარაუდით, დაასმინა და ამის შემდეგ მალევე, 2025 წლის 31 დეკემბერს დააკავეს.
კვიცარიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და რეალიზაციის მხარდაჭერა ედებოდა ბრალად.
ის თავდაპირველად ბრალდებას არ აღიარებდა და ამბობდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკი „ჩაუდო“. მოგვიანებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება აღიარა – დედის თქმით, იმიტომ, რომ მასზე ძალადობით დაემუქრნენ.
კვიცარიძის დედამ მხოლოდ ის 5 ფაილი გაასაჯაროვა, რომელიც თავად ჰქონდა. 2026 წლის ივნისის თვეში კადრები მან TV პირველს გადასცა. დანარჩენი 28 კი, როგორც თავად ამბობს, შენახული აქვს და ამ ვიდეოებშიც პოლიციის მხრიდან ძალადობაა ასახული.
2026 წლის სექტემბერში გიორგი კვიცარიძეს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. დედა ამბობს, რომ მისი შვილი კადრების მოპოვების გამო ისჯება და ბრალდება ფალსიფიცირებულია.