აგვისტოს ომთან დაკავშირებული რა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა სასამართლომ

პუბლიკა

დღეს, 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

კერძოდ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, მოითხოვა რიგი დოკუმენტების გამოთხოვა და ასევე, მოწმეების დაბარება და დაკითხვა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ეს [რაც ახლავს სარჩელს] პირდაპირ რელევანტურია იმასთან, რომ ომის დაწყების მაპროვოცირებელი იყო ქართული მხარე. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, სახელმწიფო ერთს ამბობს და კომისია სხვას, თუ ეს ასე არ არის. ჩვენ ვარკვევთ, ეს არის სახელმწიფოს თუ ერთპარტიული პოზიცია. მე მაინტერესებს, რას ემყარებოდა სახელმწიფო აგენტი იმ შემთხვევაში და სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიცია. ახლა ეს თუ დადასტურდა, რასაც ესენი წერენ, წავაგებთ ყველგან ყველაფერს“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე Georgia v. Russia (II) (№38263/08) საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მემორანდუმის არსებით საკითხებზე და სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის ის ნაწილები, რომლებიც 2008 წლის 1–8 აგვისტოს მოვლენებსა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების გარემოებებს ეხება.

„გასარკვევი გარემოებაა, რა ფაქტობრივ ვერსიას იცავდა საქართველოს სახელმწიფო 2012–2024 წლებში სტრასბურგში, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროზე და 7 აგვისტოს წინა დღეების ცეცხლზე. თუ ეს ვერსია დასკვნის ვერსიას ეწინააღმდეგება, სასამართლოს წინაშე ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი შეუთავსებელი პოზიცია დგას და დასკვნის ვერსია დადგენილად ვერ ჩაითვლება.“

  • საქართველოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისთვის 2008–2022 წლებში გადაცემული მასალების ნუსხა და სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტები 2008 წლის ომის დაწყების გარემოებებზე.

„გასარკვევია, წარმოება ICC-01/15, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა, რა ფაქტობრივ ვერსიას აწვდიდა სახელმწიფო პროკურორს, ომის დაწყების გარემოებების გამოკვლევისთვის პირდაპირ რელევანტურია.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან

  • ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის პოზიციის ამსახველი დოკუმენტები ძალის გამოუყენებლობის საკითხზე 2012–2026 წლებში, იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ეხება.

ჟენევის ფორმატი ერთადერთი მუდმივმოქმედი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც სახელმწიფო 2008 წლის შემდეგ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ რუსეთთან განიხილავს; გასარკვევია, რას ამბობდა იქ, სახელმწიფოს რეალური ფაქტობრივი პოზიციაა.

მოწმეები:

  • საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე Georgia v. Russia (II) 2012–2024 წლებში (ვინაობას იუსტიციის სამინისტრო ასახელებს). გასარკვევი გარემოებაა, რა ფაქტობრივ პოზიციას იცავდა სახელმწიფო 2008 წლის 1–8 აგვისტოს მოვლენებზე, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლის დროსა და 7 აგვისტოს წინა დღეების ცეცხლზე; რა მასალას ემყარებოდა ეს პოზიცია; შეიცვალა თუ არა იგი 2012 წლის შემდეგ და როდის; იცნობდა თუ არა მთავრობა კომისიის დასკვნის ვერსიას და დაუკავშირა თუ არა იგი სტრასბურგის პოზიციას.
  • დროებითი საგამოძიებო კომისიის აპარატის ის თანამშრომელი, რომელიც დასკვნის 2008 წლის აგვისტოს ომისა და 2012 წლის შემდგომი პერიოდის თავებს ამზადებდა (ვინაობას საქართველოს პარლამენტი ასახელებს). გასარკვევია, რომელი წყარო და ჩვენება რატომ შეირჩა ამ ორ თავში; რატომ არ არის დასკვნის შეფასებით ნაწილში ასახული მისივე 326-ე გვერდზე აღწერილი ჩვენებები 2008 წლის 1–7 აგვისტოს ცეცხლზე; მოპასუხის მიმართ რომელი ფაქტი რა მასალით „დადგინდა“ და არსებობს თუ არა ეს მასალა დასკვნის ტექსტის გარეთ; ჩატარდა თუ არა ომის თავზე რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტის (ევროპული სასამართლოს განჩინება, ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში) შედარება და რა შედეგით.