აქტივისტი რუსკა მჭედლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების – დავით მატიაშვილის, ოთარ კვინიკაძისა და გოჩა ნანობაშვილის შეურაცხყოფის საბაბით 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
საუბარია 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარზე. ამ პერიოდში ადმინისტრაციული კოლეგია განიხილავდა „ბიძინა *ლეა – კი! არა!“ – ბანერების საქმეებს. 28 ივლისს ღამით მანდატურებმა მოქალაქეებს, რომლებიც საკრებულოსთან დაკავებულების პროცესს ელოდებოდნენ, შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ რუსკა მჭედლიძეზე და ადვოკატ მარიკა არევაძეზე მანდატურებმა იძალადეს.
13 ოქტომბერს, რუსკა მჭედლიძემ დაწერა, რომ ეს გამოძიება „თაროზე შემოიდო“, მის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო სამართალწარმოება. აღნიშნული მუხლი პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ რუსკა მჭედლიძემ TV პირველს უთხრა, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მანდატურების გამოკითხვის შუამდგომლობა და საქმეს არ დაუთმო 28 ივლისს მომხდარის რუსკა მჭედლიძის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები.
28 ივლისს სასამართლოში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას, ჯერჯერობით, შედეგი არ ჰქონია.