რუსკა მჭედლიძის განცხადებით, მანდატურების შეურაცხყოფის საბაბით მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

პუბლიკა

აქტივისტ რუსკა მჭედლიძის ინფორმაციით, ივლისში მანდატურის შეურაცხყოფის საბაბით მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საუბარია 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარზე. ამ პერიოდში ადმინისტრაციული კოლეგია განიხილავდა „ბიძინა *ლეა – კი, არა” – ბანერების საქმეებს.

28 ივლისს ღამით მანდატურებმა მოქალაქეებს, რომლებიც საკრებულოსთან დაკავებულების პროცესს ელოდებოდნენ, შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ რუსკა მჭედლიძეზე და ადვოკატ მარიკა არევაძეზე მანდატურებმა იძალადეს.

სასამართლოში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

დღეს, 13 ოქტომბერს, რუსკა მჭედლიძემ დაწერა, რომ ეს გამოძიება „თაროზე შემოიდო“, მის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო სამართალწარმოება. აღნიშნული მუხლი პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

„მიჩივიან სისტემურად მოძალადე მანდატურები დავით მატიაშვილი, ოთარ კვინიკაძე და გოჩა ნანობაშვილი, რომლებმაც 28 ივლისს უსამართლო სასამართლოს ეზოში დამალურჯეს და თავად ჩაიდინეს დანაშაული.

ჩემს დალურჯებულ სხეულზე ექსპერტიზა ჩატარდა, ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 133 მუხლის მესამე ნაწილით მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თაროზე შემოდო.

მათი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, რომელიც საერთოდ არ აქვთ, 76 დღის შემდეგ გაახსენდათ! თურმე, შეურაცხყოფასაც ჰქონია ინკუბაციის პერიოდი, ჯერ უნდა დაძველდეს, მერე სამართლებრივ ძალას იძენს“, – წერს აქტივისტი. მისი ინფორმაციით პროცესი 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.