დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდა და მოეწყო „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის პრეზენტაცია.
ფონდის თანადამფუძნებლები არიან დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია და აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძე.
რუსული სამთავრობო მედია Sputnik-ის ცნობით, ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერების შესახებ წინადადებებს მოიცავს.
დოკუმენტი ითვალისწინებს პუტინისა და საქართველოს მთავრობისთვის მიმართვას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ინიციატივით, მათ შორისაა რუსეთ-საქართველოს უნივერსიტეტის შექმნა, რუსული ენის პოპულარიზაცია, ეკლესიაში ღვთისმსახურებისა და მომლოცველობის შესაძლებლობის აღდგენა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
1 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში სანქციები დაუწესა მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, პაატა აბულაძესა და გიორგი ირემაძეს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და საერთაშორისო მდივანი, ხელმძღვანელობდა ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაციას, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ბრიტანეთის მხარე ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, გასულ თვეს მან ომში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი „მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის 9 მაისის აღლუმზე მიიწვია.
2023 წელს აშშ-მა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის განცხადებით, რუსულმა FSB-მ ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად გამოიყენა. ის 2025 წელს დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა.
ყოფილი გენპროკურორი ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეში.