SJC-ს შეფასებით, პარტიების აკრძალვის საქმეში ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სათანადოდ არ მიეცა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე საქმის განხილვის პირველ ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები პროცესის სამართლიანობასა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.

ორგანიზაციის განცხადებით, პრობლემურია როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობა, ისე მტკიცებულებების გამოკვლევის მკაფიო საპროცესო წესების არარსებობა და მოპასუხე პარტიების შუამდგომლობების უმრავლესობის დაუკმაყოფილებლობა.

SJC-ის შეფასებით, სარჩელიდან მკაფიოდ არ ჩანს, კონკრეტულად რომელი ქმედება რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეწერება და რომელი ბრალდება რომელ პარტიას მიემართება.

„სარჩელიდან მკაფიოდ არ იკვეთება, კონკრეტულად რომელი ქმედება ან საქმიანობა რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეწერება და რომელი ბრალდება რომელ პარტიას მიემართება“, – წერს ორგანიზაცია.

SJC-ის განმარტებით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ აკრძალვის მოთხოვნა რამდენიმე დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას ეხება. ორგანიზაციის შეფასებით, ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებების აღწერა, თავისთავად, ვერ დაასაბუთებს სხვა, მოგვიანებით შექმნილი პარტიის აკრძალვას, თუ მათ შორის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი კავშირი ნაჩვენები არ არის.

სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 21-23 ოქტომბერს, როდესაც სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავდა, მოპასუხე პარტიებმა მოითხოვეს დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და საქმისთვის რელევანტური მოწმეების, მათ შორის წარსულში პარტიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა.

SJC-ის ცნობით, სასამართლომ შუამდგომლობების აბსოლუტური უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის შეფასებით, შედეგად, მოპასუხე პარტიებს პრაქტიკულად არ მიეცათ შესაძლებლობა, საქმეში „ქართული ოცნების“ სარჩელთან ერთად დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები წარედგინათ.

„ეს კი, ინკვიზიციური პროცესის პირობებშიც დიდ შეკითხვებს აჩენს მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს SJC.

სადავო საგამოძიებო კომისიის დასკვნა

ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაშვებას. ეს დასკვნა, SJC-ის თანახმად, მოსარჩელეთა მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს.

მოპასუხე პარტიების წარმომადგენლები ითხოვდნენ დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამოღებას. მათი პოზიციით, დოკუმენტი სათანადო მტკიცებულებით სტანდარტს არ ეფუძნებოდა და შეიცავდა ისეთ სამართლებრივ შეფასებებს დანაშაულებსა და დამნაშავეებზე, რომელთა გაკეთების უფლებამოსილებაც კომისიას შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განაჩენების გარეშე არ ჰქონდა.

SJC-ის შეფასებით, კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა არსებობს: მისი შემადგენლობა არ აკმაყოფილებდა ოპოზიციური წარმომადგენლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას, კომისიის მანდატი გასცდა რეგლამენტით განსაზღვრულ ფარგლებს, ხოლო დასკვნაში დანაშაულის შესახებ გაკეთებული შეფასებები სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ჩაანაცვლებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ კომისიის დასკვნა საქმეში დატოვა. ამასთან, SJC-ის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე პარტიების შუამდგომლობები იმ მოწმეების გამოკითხვის შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

„პარტიის აკრძალვას განსაკუთრებით მკაცრი სამართლებრივი სტანდარტი სჭირდება“

ორგანიზაცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს მტკიცებულებების შეფასების სტანდარტს. SJC-ის თანახმად, სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ ფაქტების დადგენისას „ცხადი და დამაჯერებელი“ მტკიცებულების სტანდარტს გამოიყენებდა.

თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ ამ სტანდარტის გამოყენება საკმარისი არ არის, რადგან პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმე განსხვავდება იმპიჩმენტის საქმისგან: ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას თავად სასამართლო იღებს და სწორედ მისი გადაწყვეტილება იწვევს პარტიის აკრძალვას.

SJC ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკური პარტიის დაშლა დასაშვებია მხოლოდ „განსაკუთრებით დამაჯერებელი და წონადი მიზეზების“ არსებობისას. სასამართლომ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა დემოკრატიული წესრიგისთვის რეალური და საკმარისად მყისიერი საფრთხე, უკავშირდება თუ არა ის კონკრეტული პარტიის საქმიანობას და არის თუ არა აკრძალვა აუცილებელი და პროპორციული.

კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

SJC ყურადღებას ამახვილებს საქმის განხილვის ქრონოლოგიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაზეც.

ორგანიზაციის ცნობით, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა, მეორე — 2026 წლის 21 აპრილს, ხოლო მიმდინარე, რიგით მესამე სარჩელი — 2026 წლის 24 სექტემბერს. პირველი ორი სარჩელი „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა თავად გაიხმეს, ხოლო მათი სამართლებრივი დასაბუთება არსებითად უცვლელი დარჩა.

SJC-ის შეფასებით, წინა ორ საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების საკითხი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გადაწყვეტილა, მაშინ როდესაც მიმდინარე სარჩელის მიღების პროცედურები სასამართლოს შემადგენლობაში ცვლილებების პერიოდში წარიმართა.

ორგანიზაცია ასევე იხსენებს მოსამართლე მანანა კობახიძის შემთხვევას: 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მან პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეორე დღეს კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

SJC-ის შეფასებით, ამ მოვლენების თანმიმდევრობა დამატებით კითხვებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საქმის მიუკერძოებლად განხილვის შესახებ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გამოვლენილი საპროცესო ხარვეზები საფრთხეს უქმნის მხარეთა თანასწორობასა და ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას. SJC-ის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს თითოეული პარტიის მიმართ ინდივიდუალური, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება და პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის დადგენილი მკაცრი სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავად შეუწყობს ხელს ავტოკრატიული კონსოლიდაციის ყველაზე აგრესიულ პროცესს და დემოკრატიული გარემოს განადგურებას ქვეყანაში“, — წერს ორგანიზაცია.