დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა, მინისტრის მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციაც მიენიჭოს.
მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, რომ ეს ცვლილება, სხვა რამეებთან ერთად, უკავშირდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობების შეთავსებასაც.
„დღესდღეობით გვყავს უკვე ასეთი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, რომელიც ამ ეტაპამდე ვაკანტურია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შესაბამის თანამდებობაზე დაინიშნოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
აქამდე აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ“, – თქვა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა 27 ოქტომბერს კანონპროექტის წარდგენისას.
ამავე კანონით გათვალისწინებულია, რომ შესაძლებელია, მინისტრის პირველმა მოადგილემ ან მოადგილემ შეთავსებით შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეასრულოს.
რატომ გახდა საკანონმდებლო ცვლილება საჭირო?
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონით, საჯარო სამსახურში შეთავსებითი საქმიანობა აკრძალულია. კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებს. საკანონმდებლო ცვლილებით, მინისტრის მოადგილეს, გამონაკლისის სახით, ორი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა გაუჩნდა. შეთავსებული თანამდებობა არ ანაზღაურდება.
რუსეთთან სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნის შესახებ ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს განაცხადა.
„[ბატონი გიორგის] თხოვნა იყო, რომ მას გაეგრძელებინა პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას“, – თქვა მან.
გაფართოვდა თუ არა სპეციალური წარმომადგენლის მანდატი?
ამავე ბრიფინგზე კობახიძემ სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები შემდეგნაირად აღწერა:
- რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება;
- არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი.
„რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არსებობს.
ამ ფორმატით „ოცნებამ“ რუსეთთან არაფორმალური პირდაპირი დიალოგი წამოიწყო, რომელიც საზოგადოებაში „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით იყო ცნობილი.
რუსეთთან სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლიდან 2024 წლამდე იყო ზურაბ აბაშიძე; ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი წარმოადგენდა. შეხვედრები პრაღაში იმართებოდა.
ზურაბ აბაშიძის პრაღაში მივლინების შესახებ დოკუმენტებსა და გავრცელებულ ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს:
- სავაჭრო ურთიერთობები;
- სატრანსპორტო კავშირები;
- ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები;
- თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები.
ამ საკითხებს შორის „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“ ნახსენები არაა.
თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა“, მაგრამ ის პირადი ინიციატივით ყოველთვის ცდილობდა დევნილების საკითხის წამოწევას.
ზურაბ აბაშიძის შემდეგ რუსეთთან წარმომადგენელი 2025 წლის დეკემბრამდე გიორგი ქაჯაია იყო, მას შემდეგ კი პოსტი ვაკანტურია.
რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთი საერთაშორისო ოფიციალური ფორმატი ე.წ. ჟენევის ფორმატია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
ფორმატის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო, შეხვედრებში კი მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს:
- უსაფრთხოება და სტაბილურობა – მათ შორის ძალის გამოუყენებლობის საკითხი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები;
- ჰუმანიტარული საკითხები – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაცია და სხვა პრობლემები.
რუსეთსა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებებს ამ მოლაპარაკებების ჟენევიდან გადატანა სურთ. ასევე მათი პოზიციაა, რომ თბილისმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს.
საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველო ვერანაირი ფორმით ვერ აღიარებს ე.წ. სახელმწიფოებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება.
„ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ზურაბაშვილის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთთან ურთიერთობაში „რამე ახალი ეტაპი არ იწყება“.
„ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესების სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, – განაცხადა მან.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარი ფორმა“
კობახიძისგან განსხვავებით, ამ გადაწყვეტილებაში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა დაინახეს ქართველმა დიპლომატებმა.
მათი შეფასებით, სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია როგორც რუსეთთან წარმომადგენლად მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა, ასევე – მისი მანდატის გაფართოება.
დიპლომატები აცხადებენ, რომ მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს.
ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი გამხდარიყო და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი…
მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“, – აცხადებენ ისინი.
პრორუსი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა „ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა“.
„სპეციალური წარმომადგენლები ადრეც იყვნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: ზურაბაშვილი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც ინარჩუნებს. ეს მას საშუალებას აძლევს, მაღალი დონის შეხვედრები გამართოს მიხაილ გალუზინთან, ასევე სერგეი ლავროვთან.
სწორედ ამიტომ ვანიჭებ ამ დანიშვნას ასეთ მნიშვნელობას. ეს ახალ დონეზე გადასვლაა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა მოსკოვშიც შედგება ვიზიტები და თბილისშიც. კარგია, რომ ეს ნაბიჯი თბილისმა გადადგა“, – ამბობს ფიფია და ირწმუნება, რომ „ქართულმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად მიიღო“.
მამუკა ფიფიას განცხადებით, ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლა გადადგა, რეალური წინსვლაა და დაახლოების შესაძლებლობას ქმნის. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
ვინ არის გიორგი ზურაბაშვილი
გიორგი ზურაბაშვილის ბიოგრაფიაში უკვე აღნიშნულია, რომ 2026 წლის 21 ოქტომბრიდან იკავებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს – ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს, იყო ელჩი და დესპანი ირლანდიაში;
2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდ „საქართველოს“;
2005-12 წლებში ის იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი.