იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ დაადასტურა, რომ მე-8 პენიტენციურში მყოფი ბრალდებული, დავით ფეიქრიშვილი, რომელიც „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვა პირები შეასახლეს.
„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად [დავით] ფეიქრიშვილი არ იყო მარტო საკანში“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
წამყვანის შეკითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ ფეიქრიშვილთან სხვა პირები შეასახლეს? – სალია პასუხობს – „დიახ“.
კითხვაზე, იყვნენ ესენი თუ არა ვატო ყიფიანი და მისი თანხმლები პირები, პაატა სალია პასუხობს, რომ „ამას გამოძიება დაადგენს“. სალია არც იმას აკონკრეტებს, ვინ შეასახლა სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში, თუმცა ის ციხის თანამშრომლის ჩართულობას არ გამორიცხავს.
„კონკრეტულად იმ პირების სახელებსა და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი“, – ამბობს სალია.
მისივე თქმით, „არცერთი სისტემა, რაც არ უნდა წარმატებული და განვითარებული უნდა იყოს, პენიტენციურ სისტემაზეა საუბარი, არ არის დაზღვეული მსგავსი შემთხვევებისგან, სადაც შეიძლება მოხდეს გარკვეული ძალადობა“.
მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში მყოფი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის, ცემის შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა.
ცემაზე ცნობები იმავე დღეს „კატეგორიულად უარყო“ პენიტენციურმა დაწესებულებამ.
მეორე დღეს, 20 ოქტომბერს, ფეიქრიშვილის დედა პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ცემის ფაქტი 21-ში პენიტენციური განყოფილებიდან გამოსულმა ადვოკატმა დაადასტურა.
დავით ფეიქრიშვილის მონათხრობზე დაყრდნობით ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ 16 ოქტომბერს ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდევ 3 პირი, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ მას და „ტელეფონის კოდს მოითხოვდნენ“.
იმავე დღეს გაირკვა, რომ 20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.
21-ში დედისა და ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილზე სხვა ბრალდებულების მხრიდან გრძელდებოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რის გამოც დედა მოითხოვდა შვილის სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნებას.
21 ოქტომბრიდან დავით ფეიქრიშვილი პენიტენციურ განყოფილებაში დააბრუნეს.
ბრალდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პარალელურად პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე გაავრცელა განცხადება.
თავის მხრივ, ფეიქრიშვილის ბრალდებები უარყო ვატო ყიფიანმა და განაცხადა, რომპენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს არ შეხვედრია.