პუტინმა მკვლელობაში მსჯავრდადებულ ზელიმხან ბატუკაევს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახმატის დანაყოფის მეთაურს, ზელიმხან ბატუკაევს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. მანამდე ბატუკაევს შეიარაღებული ძარცვისა და ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

29 ოქტომბერს გროზნოში გამართულ ცერემონიაზე ჯილდო – „ოქროს ვარსკვლავის“ მედალი მის დედას, ტაუს ბატუკაევას გადასცეს. ინფორმაცია ჩეჩნეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Grozny-inform-მა გაავრცელა.

ბატუკაევისთვის რუსეთის გმირის წოდების სიკვდილის შემდეგ მინიჭების შესახებ განკარგულებას ხელი 2026 წლის 28 ივლისს მოეწერა. დაჯილდოების ცერემონიაზე ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრმა მაგომედ დაუდოვმა ის მამაც მებრძოლად და ნამდვილ ოფიცრად მოიხსენია.

Grozny-inform-ის ცნობით, ბატუკაევი, რომელიც საბრძოლო მეტსახელით „შუსტრი“ იყო ცნობილი, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-3 გაერთიანებული არმიის მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონს მეთაურობდა.

2016 წლის დეკემბერში ბატუკაევი ორ თანამზრახველთან ერთად, შეიარაღებული ძარცვის, 34 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობისა და ქონების განზრახ განადგურებისა და დაზიანებისთვის გაასამართლეს.

მედიაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად, ამავე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბატუკაევსა და კიდევ ერთ ნაცნობს ავტომობილის მოპარვა შესთავაზა. 16 მარტის ღამეს მათ კრასნოდარში ტაქსი გააჩერეს და მძღოლს უთხრეს, რომ ქალაქ კროპოტკინში წასვლა სურდათ.

გამომძიებლების ინფორმაციით, მგზავრობის დროს ბატუკაევმა და ერთ-ერთმა თანამზრახველმა მძღოლს თოკი ყელზე მოუჭირა, ხოლო თავდასხმის მესამე მონაწილემ მას დანით სულ მცირე 13 ჭრილობა მიაყენა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თავდამსხმელებმა მას პირადი ნივთები და ავტომობილი წაართვეს, რომელიც მოგვიანებით ჩეჩნეთში გაყიდეს. მიყენებულმა ზარალმა 940 000 რუბლს (12 000 დოლარი) გადააჭარბა.

ბატუკაევსა და მის ორ თანამზრახველს თითოეულს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ასევე ჯარიმები დააკისრეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალეს.

მანამდე, 2011 წელს, ბატუკაევი იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმეზეც იყო ნასამართლევი.

ჩეჩნურმა ოპოზიციურმა მოძრაობა NIYSO-მ განაცხადა, რომ ბატუკაევი 2005 წელს ჩეჩენ მებრძოლებს შეუერთდა, რომლებიც იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, და ორი წელი მთებში გაატარა.

იჩქერია დამოუკიდებელი ჩეჩნეთის სახელმწიფო იყო, რომელმაც სულ რამდენიმე წელი იარსება და რომელიც რუსეთმა 1990-2000-იანი წლების მიჯნაზე, ორი ომის შედეგად გაანადგურა.

NIYSO-ს განცხადებით, მოგვიანებით ბატუკაევმა მხარე შეიცვალა და რუსეთის მხარეს გადავიდა. მოძრაობის მტკიცებით, ის ხელისუფლებას იმ ადამიანების სახელებს აწვდიდა, რომლებსაც ოდესმე შეიარაღებული იატაკქვეშეთისთვის დახმარება გაეწიათ.

ბატუკაევს სასჯელის სრულად მოხდა არ დასჭირვებია. ის ციხეში ყოფნისას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ გაიწვიეს. მოგვიანებით კი აპტი ალაუდინოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ახმატის დანაყოფს შეუერთდა.

2023 წლის ოქტომბერში ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ბატუკაევს მამაცობის ორდენი მიენიჭა. 2024 წლის იანვარში რამზან კადიროვმა მას ახმატ კადიროვის ორდენი გადასცა.

2024 წლის აგვისტოში ბატუკაევმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ერთ-ერთი წევრის სახლის წინ იყო გადაღებული. ვიდეოში ის აქტივისტსა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა და აცხადებდა, რომ მათ ამ სახლში ცხოვრების შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

„შენ და შენი ოჯახი ამ ეზოში ვეღარასდროს იცხოვრებთ. ეს ეზო მე გადმომეცემა და აქ დიდ სახლს ავაშენებ“, – ამბობდა ბატუკაევი.

ბატუკაევი 2025 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. ალაუდინოვის მტკიცებით, მისი გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლჩაქცევა გახდა. მისი თქმით, ბატუკაევს საბრძოლო დავალების შესრულებისას სამი დღის განმავლობაში არ ეძინა.

თუმცა NIYSO-ს წარმომადგენლებმა გარდაცვალების განსხვავებული მიზეზი დაასახელეს და განაცხადეს, რომ ბატუკაევი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით დაიღუპა.

მოძრაობამ ბატუკაევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ალაუდინოვის ოფიციალურ განცხადებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.