სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების შესაძლო გაყიდვაზე თანხმობა გასცა. აღნიშნული მოიცავს 500 ერთეულ PAC-3 ტიპის რაკეტას. ამის შესახებ უწყების მიერ კონგრესისთვის წარდგენილ ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, შესყიდვას სრულად დააფინანსებენ აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები – კანადა, გერმანია და ნორვეგია. თანხები გამოიყოფა JUMPSTART პროგრამისა და ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერის სესხით დაფინანსებული ეროვნული სახსრების მეშვეობით. შესყიდვაში აშშ-ის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება.
გაყიდვა ასევე მოიცავს რაკეტების სათადარიგო ნაწილებსა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გარიგების მიზანია უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება და არსებული Patriot-ის სისტემების მუშაობის შენარჩუნება რუსეთის მხრიდან მიმდინარე საჰაერო საფრთხეების ფონზე.
შესაძლო გაყიდვის მთავარი კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Lockheed Martin იქნება.
დოკუმენტის მიხედვით, გარიგება კონგრესის განხილვას ექვემდებარება. ამასთან, მისი განხორციელება უკრაინაში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ან სამოქალაქო წარმომადგენლების მივლინებას არ მოითხოვს.
26 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი თითქმის ერთი თვე ელოდებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანხმობას Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებაზე. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც აშშ-სთან, ისე ევროპისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებსაც PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მარაგი ჰქონდათ. მან ასევე განაცხადა, რომ დაავალა უკრაინულ გუნდს, საკითხი ვაშინგტონთან ხელახლა დაეყენებინა.