ავტორი: ასლან ბაირამოვი
Amnesty კვლავ მოითხოვს OC Media-ს ავტორის, ბაჰრუზ სამადოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ბაჰრუზ სამადოვი 2024 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა და შეშფოთება გამოთქვა, რომ ბაჰრუზ სამადოვს შესაძლოა წამების საფრთხე ემუქრებოდეს. 31 წლის სამადოვი დაკავებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში OC Media-სთვის წერდა. ამჟამად ის 15-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის – ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და გაამტყუვნეს. ბაჰრუზი ბრალდებას არ აღიარებს. Amnesty-ის შეფასებით, ის „თვითნებურად არის დაპატიმრებული“.
„მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოთ ბაჰრუზ სამადოვი. გათავისუფლებამდე კი შეწყვიტოთ მისი სამარტოო საკანში მოთავსება, უზრუნველყოთ მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევა და მისი უსაფრთხო და ჰუმანურ პირობებში ყოფნა“, – ნათქვამია Amnesty International-ის მიერ ალიევისთვის გაგზავნილ წერილში.
ორგანიზაცია სამადოვის პატიმრობას პირდაპირ უკავშირებს მის საქმიანობას, როგორც „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ღია მხარდამჭერისას“. Amnesty-ის განცხადებით, „სამადოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მხოლოდ მის მშვიდობიან აქტივიზმს, სომხეთთან დიალოგის მხარდაჭერასა და მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომეხი მოსახლეობის განდევნის კრიტიკას ეფუძნება“.
„მისი სტატიები, რომლებიც OC Media-ში, EurasiaNet-სა და OpenDemocracy-ში ქვეყნდებოდა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხებოდა“.
„ბაჰრუზ სამადოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება არასოდეს ყოფილა საჯაროდ წარმოდგენილი“.
განცხადებაში Amnesty International-მა სამადოვის სიტყვები მოიყვანა, რომლებიც მან სასამართლოს ბოლო სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც თავი დაიზიანა. სამადოვმა, მას შემდეგ, რაც მისი სააპელაციო მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, ბასრი საგნით ხელი დაიზიანა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ, OC Media-ს დაუდასტურა. ამის შემდეგ სამადოვმა სასამართლოს მიმართა: „როცა სიტყვები აღარ გყოფნის, სისხლით უნდა ილაპარაკო“.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ალიევს სამადოვის წინააღმდეგ „უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნისა“ და მის მიმართ მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. Amnesty ასევე მოითხოვს, რომ აზერბაიჯანმა „შეწყვიტოს მშვიდობიანი განსხვავებული აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია“.
ორგანიზაციის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობის პერიოდში სამადოვი „ბნელ, ვიწრო საკანში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც მას არ ჰქონდა ციხის ეზოში გასვლის შესაძლებლობა. მას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და უარს ეუბნებოდნენ ოფთალმოლოგიურ დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა. როგორც ცნობილია, მისმა ექიმმა მხედველობის გაუარესება პატიმრობის პირობებს დაუკავშირა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სამადოვმა პატიმრობის პერიოდში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. „გარდა ამისა, ის ორი თვის განმავლობაში სადამსჯელო ღონისძიების სახით სამარტოო საკანში ჰყავდათ მოთავსებული და სასამართლო სხდომების დროსაც განზრახ იზოლაციაში ამყოფებდნენ“.
„აუცილებელი სამედიცინო დახმარების არგაწევასთან ერთად, აღნიშნული გარემოებები შესაძლოა წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უტოლდებოდეს“, – ასკვნის ორგანიზაცია.
30 ოქტომბერს სამადოვის მეგობარმა, ამრაჰ თამაზოვმა განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში ბაჰრუზი პირადად მოინახულა აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თუმცა მხოლოდ ზედაპირულად შეამოწმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაიღო ფოტო და წავიდა.
თამაზოვის თქმით, ვიზიტისა და ფოტოს გადაღების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მოგვიანებით ეთქვათ: „ნუ ღელავთ, ჩვენ მას ვნახულობთ, ის ცოცხალია, ყველაფერი რიგზეა“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.