ველის სასაფლაოდან გავრცელებული კადრების შემდეგ ცხოველთა დამცველები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

პუბლიკა

ცხოველთა დამცველები პეტიციას ავრცელებენ და პროკურატურას მოუწოდებენ, „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. „მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში ჩანს, სავარაუდოდ ველის სასაფლაოზე როგორ მარხავენ ძაღლებს.

პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, ფარულად, სპეციალურად მოწყობილ ორმოში, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე.

ამასთან, ცხოველთა დამცველები და მოყვარულები საუბრობენ მათ მზრუნველობაში მყოფი ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შემთხვევებზე ქვეყნის მასშტაბით.

კადრებში ისმის კომენტარიც, რომ ერთ-ერთი ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო. ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ.

მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მათ შორის ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლო ქურდობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სამსახურებრივი გულგრილობა და ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბება ან დამალვა.

კერძოდ, მოვითხოვთ:

1. ველის სასაფლაოზე არსებული ორმოს დათვალიერებას, ყველა ნეშტის ამოღებას, რაოდენობის დაფიქსირებასა და ინდივიდუალურ აღრიცხვას.

2. ნეშტების დამოუკიდებელ ვეტერინარულ-პათოლოგიურ ექსპერტიზას, რათა დადგინდეს სიკვდილის სავარაუდო მიზეზი, დრო, შესაძლო დაზიანებები და ცხოველთა სიკვდილის გარემოებები.

3. ყველა ნეშტზე მიკროჩიპების, საყელოების, ნიშნებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლების შემოწმებას, რათა შესაძლებელი გახდეს ცხოველების იდენტიფიცირება.

4. საქართველოს მასშტაბით დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და შეტყობინებების მოძიებას და მათ შედარებას აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიკაციის მონაცემებთან.

5. თითოეული ცხოველის ევთანაზიის ან სიკვდილის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ვეტერინარული ჩანაწერების, აქტებისა და ანგარიშების შემოწმებას.

6. ევთანაზიისთვის გამოყენებული პრეპარატების შესყიდვის, მიღების, გამოყენების, შენახვისა და ჩამოწერის დოკუმენტების შედარებას ოფიციალურად აღრიცხული ევთანაზიისა და სიკვდილის შემთხვევების რაოდენობასთან.

7. იმის დადგენას, ვინ გასცა ნეშტების დამარხვის განკარგულება, ვინ განახორციელა მათი გადატანა და დამარხვა, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით.

8. დაკრძალვის ადგილის, ორმოს მოწყობის, ნეშტების განთავსებისა და მათი განადგურების მეთოდის კანონმდებლობასთან, მათ შორის „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

9. ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული ცხოველთა სიკვდილიანობისა და ევთანაზიის მონაცემების პირველადი დოკუმენტებით გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს მონაცემების გაყალბება, დამალვა ან არასრულად აღრიცხვა.

საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს:

  • რამდენი ცხოველი დაიღუპა და რა ვითარებაში;
  • რა მეთოდით და რა პრეპარატებით ჩატარდა ევთანაზია;
  • ვინ მიიღო გადაწყვეტილება ცხოველების ევთანაზიისა და ნეშტების დამარხვის შესახებ;
  • რამდენად შეესაბამება ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მონაცემებს;
  • რატომ ხდებოდა ნეშტების ღამით და ფარულად დამარხვა.

მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას, ყველა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პასუხისმგებელი პირების კანონით დადგენილი წესით დასჯას.

დაგვიმტკიცეთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად არ არსებობს ამდენი სახელმწიფო სტრუქტურა!“, – ვკითხულობთ განცხადებაში.