გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა.

განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გელა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.


გელა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ  14 სექტემბერს განაცხადა. ამავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, – დაწერა გელაძემ.

ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერსვე წარადგინა სუსის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი. მან თქვა, რომ გელა გელაძეს სუსის უფროსობიდან გადადგომის „პირადი მიზეზები ჰქონდა, რაზე საუბარიც არ ისურვა“.

„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და მან თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი, ეს რა თქმა უნდა, თავისი საქმეა“, – თქვა კობახიძემ.

მან გელაძეს მადლობა გადაუხადა „გაწეული საქმიანობისთვის“ და თქვა, რომ ის არის „გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი“.

„ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან  ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის საქმეში“, – თქვა კობახიძემ.

თავად გეკა გელაძე ბრიფინგს არ დასწრებია.


გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2026 წლის 22 აპრილს დაინიშნა. მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

გელა გელაძე სუსის მესამე უფროსია, რომელიც ბოლო 13 თვეში გადადგა.

სუსის უფროსის თანამდებობაზე მან მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს დატოვა თანამდებობა. მდინარაძე სუსის უფროსი იყო 2025 წლის 3 სექტემბრიდან. მდინარაძემდე თანამდებობას ანრი ოხანაშვილი იკავებდა 2025 წლის 4 აპრილიდან.

სუსის უფროსის პოსტიდან წასვლის შემდეგ გელაძის წინამორბედი მამუკა მდინარაძე „სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დანიშნეს, შემდეგ კი ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უნდა გამხდარიყო. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, თანამდებობის შექმნამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.

თუმცა 2026 წლის 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ციხეში ყოფნისას მას მდინარაძემ წერილი მისწერა და მისთვის წარსადგენი ახალი ბრალდების შესახებ აცნობა. სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. „ქართული ოცნება“ არც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას შექმნის.