ჰერჩინსკი: საქართველო ევროპულ გზას შორდება, დიალოგის განახლებას ანტიევროპული კამპანია უშლის ხელს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელწოდებით, რადგან ქვეყანაში ფუნდამენტური ღირებულებების მიმართულებით უკუსვლა გრძელდება.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესი, პირველ რიგში, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ეფუძნება, ამ მიმართულებებით კი საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

2026 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ისაუბრა ანგარიშის მომზადების პროცესზე, ხელისუფლებასთან ევროკავშირის კომუნიკაციაზე, სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ დაკავებებზე, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე, ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ევროკავშირთან დიალოგის განახლების შესახებ.

ელჩის განმარტებით, არ შეესაბამება სიმართლეს მტკიცება, თითქოს ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ აქვს. მისი თქმით, გაფართოების ანგარიშის მოსამზადებლად ევროკომისიის წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თუმცა ინფორმაციის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ გაფართოების ანგარიშისთვის შემოვიდა საქართველოს ხელისუფლებისგან. ორჯერ შემოვიდა — პირველად 27 აპრილს და მეორედ 7 სექტემბერს. 530 გვერდზე მეტი, ძალიან დეტალური ინფორმაცია შემოვიდა, შეფასდა და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა ეს 90-გვერდიანი ანგარიში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ანგარიშზე დაახლოებით 60 თანამშრომელი მუშაობდა საქართველოში, ასობით კი – ბრიუსელში. ელჩის განმარტებით, დოკუმენტში ევროკომისია დადებითად აფასებს იმ საკითხებსაც, სადაც ამის საფუძველი არსებობს, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ეს ვერ ცვლის ფუნდამენტური მიმართულებებით არსებულ შეფასებას.

ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: ეს არის პირველი თავი, რომელიც კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებებისას იხსნება და ბოლო, რომელიც რეფორმების შესრულების შემთხვევაში იხურება.

„ჩვენ გაფართოებას სერიოზულად ვუყურებთ და როცა საქმე ეხება ფუნდამენტურ ღირებულებებს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო სერიოზული უკუსვლაა საქართველოში. […] ამიტომ უნდა ვიყოთ გულწრფელები. სამწუხაროდ, საქართველო რჩება კანდიდატ ქვეყანას მხოლოდ სახელწოდებით“, — თქვა ელჩმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის პროცესი კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებას კი არა, ევროკავშირის მიერ მის შეფასებას ეფუძნება. ამ კონტექსტში მან უპასუხა ირაკლი კობახიძის ოპტიმისტურ განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებები ვერ განსაზღვრავს მის რეალურ პროგრესს.

ჰერჩინსკის ერთ-ერთი მთავარი კომენტარი ირაკლი კობახიძის 3 ნოემბრის ინტერვიუს უკავშირდებოდა. კობახიძემ Euronews-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება კვლავ სურს, თუმცა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით მიდგომა უნდა შეცვალოს. მისი თქმით, მთავრობა მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრისთვის მზად არ არის.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. მან ევროკავშირის მოთხოვნები საქართველოს სუვერენიტეტთან შეუთავსებლად წარმოაჩინა და საბჭოთა კავშირის პერიოდს შეადარა, როდესაც, მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს კარნახობდა, რა უნდა გაეკეთებინა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრებას „ღირსებით“ აპირებს.

ჰერჩინსკიმ კობახიძის განცხადებებს უპასუხა და განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებას არ ეფუძნება. მისი თქმით, სწორედ ევროკომისია აფასებს კანდიდატი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და არა პირიქით.

„ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას“, – განაცხადა ელჩმა.

მანვე შეადარა საქართველო იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრების პროცესს აქტიურად აგრძელებენ. ჰერჩინსკის თქმით, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოების პროცესში მოწინავე ქვეყნები არიან, მაშინ როდესაც საქართველო, მიუხედავად ხელისუფლების მიერ სიტყვიერად გამოხატული სურვილისა, ევროპულ გზას შორდება.

ელჩმა ცალკე უპასუხა ხელისუფლების მოწოდებებს დიალოგის განახლების შესახებაც. მისი თქმით, ევროკავშირი დიალოგსა და კომპრომისზეა დაფუძნებული და ბრიუსელი ამ პროცესის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, ჰერჩინსკის შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა.

ამის მიზეზებად მან დაასახელა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარა, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მოქმედებები და ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია.

„პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ყოველდღიური გაშავების კამპანიით ევროკავშირის წინააღმდეგ.

რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები „დიფ სთეითის“ განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? ელით, რომ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის სხვაობებზე ვილაპარაკებთ? ეს გაშავების კამპანია უდნა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს“, — განაცხადა მან.

ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ხელისუფლების მიერ მისი მიღების გადაწყვეტილება. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისი კანონები და არა ისეთი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც სხვა ქვეყნების მოდელებს ეფუძნება.

ელჩმა გაიხსენა 2023 წელი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების კანონი მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიწვია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში პროგრესს შეუწყო ხელი. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ხელისუფლებამ კანონი ხელახლა დააინიციირა და საბოლოოდ მიიღო, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი გაფრთხილებისა.

ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2023 წელს მკაფიოდ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონი ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა და მის მიღებას შედეგები მოჰყვებოდა. ელჩის შეფასებით, შემდგომ მიღებულმა სხვა კანონებმაც კიდევ უფრო გაზარდა დაშორება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია. არა კანონები, რომლებიც ამერიკულია, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა – ევროპული კანონები“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოსთვის გადასაწყვეტია, როგორი კანონები მიიღოს, თუმცა თუ ქვეყნის მიზანი ევროკავშირის წევრობაა, კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

ელჩმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საკითხზეც. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში უკვე ორ წელზე მეტია საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად არის საჭირო. ერთ-ერთი ასეთი პირობა, ელჩის განმარტებით, შერჩევით დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

ჰერჩინსკის თქმით, მას არ სურს კონკრეტული დაკავებულების შესახებ დეტალებში შესვლა, თუმცა არსებობს უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ შედგენილი სიები. მისი შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებსაც, ევროკავშირის აზრით, შერჩევით და არაპროპორციული სასჯელები მიესაჯათ.

„ჩვენ გვსურს, დავინახოთ, რომ ადამიანები, რომელთაც, ჩვენი აზრით, არაპროპორციული სასჯელი მიუსაჯეს შერჩევით, განთავისუფლდნენ, რაც შეიძლება, მალე“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინსკიმ ამავე კონტექსტში უარყო მტკიცებები, თითქოს ევროკავშირი ძალადობას ან ვანდალიზმს მხარს უჭერს. მისი თქმით, ევროკავშირი არასდროს ამართლებს ძალადობას, მათ შორის არც მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას — არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში.

ელჩის შეფასებით, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში სწორედ ამგვარი მტკიცებების გამოყენება ხდება. მან ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს მოუწოდა, არ ჩაერთონ ანტიევროპულ რიტორიკაში.

„ევროკავშირი არასდროს არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას არც საქართველოში და არც სხვაგან. რამე ასეთი მტკიცება ან განცხადება არის ევროკავშირის გაშავების მცდელობა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკიმ შეშფოთება გამოთქვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო, რომლის ფარგლებშიც „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ელჩის თქმით, არ სურს იმაზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა, თუმცა ევროკავშირი პროცესს დიდი შეშფოთებით აკვირდება.

მან გაიხსენა ევროკომისიის სპიკერისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებები. კოსმა, ჰერჩინსკის გადმოცემით, მკაფიოდ თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.

ელჩმა საკითხი ევროპის საბჭოს წევრობის კონტექსტშიც შეაფასა. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, მათ შორის იმ პარტიისაც, რომელიც ამჟამად პარლამენტშია წარმოდგენილი, ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იქნება.

„დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

„ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში“, – დასძინა მან.

ჰერჩინსკიმ სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხს ევროკავშირი საქართველოსთან დიალოგისას წლებია აყენებს და ის კვლავ დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგში.

ელჩის განმარტებით, სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროება ევროკომისიის ანგარიშში წელსაც აისახა, ისევე როგორც წინა წლებში. მისი თქმით, ეს არ არის ახალი მოთხოვნა და ევროკავშირი ამ საკითხს მუდმივად უბრუნდება.

„ეს არის რაღაც, რასაც მუდმივად ვახსენებთ და მუდმივად იქნება ჩვენს მაგიდაზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშშიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით უკუსვლაზეა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ეს უკუსვლა ზედიზედ მესამე წელია გრძელდება. კომისია აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება კვლავ სერიოზულად არის შესუსტებული. ანგარიშში ასევე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობასა და სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობის პირების განსაკუთრებული კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით.

ევროკომისიის შეფასებით, სასამართლო სისტემაში რეფორმების არარსებობასთან ერთად, მომიტინგეებისთვის შეფარდებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენება.

ჰერჩინსკიმ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების საკითხზეც. ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჯერ არ არსებობს, თუმცა განხილვა გრძელდება.

მისი განმარტებით, ევროკავშირის მიზანია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, ერთი მხრივ, ქართველ ხალხს დაუჭერს მხარს, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ მისი მოქმედებები ევროპულ გზასთან შეუთავსებელია.

ელჩის თქმით, სანქციების საკითხზე მსჯელობა იანვარშიც გაგრძელდება და ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება.

ჰერჩინსკიმ საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თავად ქართველი ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად გადაწყვიტოს, სად სურს ქვეყანას ყოფნა. ამ კონტექსტში მან ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის მთავარი განსხვავებაც ახსენა.

„საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია და სხვა არავისი. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ჩვენ ამას პატივს ვცემთ. ეს არის მრავალ განსხვავებას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. თქვენი გადასაწყვეტია, სად უნდა იყოთ. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის გადასაწყვეტი არაა, რომ ლექციები ჩაგიტაროთ“, — განაცხადა მან.

ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის კრიტიკულ შეფასებებს შეიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. კომისია მიუთითებს დემოკრატიულ უკუსვლაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე, ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვასა და საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოზიციებთან დაახლოების შემცირებაზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი 38%-მდეა შემცირებული.