ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
2027 წლის იანვრიდან აზერბაიჯანი შინამეურნეობებში არსებული კომპიუტერების, ლეპტოპებისა და პლანშეტების რაოდენობას, ასევე ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას აღრიცხავს. ეს პროცესი შინამეურნეობების აღრიცხვის უკვე არსებული სისტემის ფარგლებში განხორციელდება. უცნობია, რატომ გადაწყვიტეს ხელისუფლებაში ოჯახებში არსებული ელექტრონული მოწყობილობების აღრიცხვა და რა მიზნით აპირებენ ამ ინფორმაციის გამოყენებას.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მიერ ოქტომბერში დამტკიცებული განახლებული ფორმების მიხედვით, აღირიცხება ისიც, აქვს თუ არა შინამეურნეობას ინტერნეტზე წვდომა და კავშირის რა ტიპს იყენებს. შინამეურნეობების ყოველწლიური აღრიცხვა 2024 წლის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით რეგულირდება და მოიცავს ინფორმაციას ოჯახის წევრების, საცხოვრებელი პირობებისა და ქონების შესახებ.
აღრიცხვა სახლში არსებული ყველა ელექტრონული მოწყობილობის ინდივიდუალურად აღწერას არ ითვალისწინებს. ამის ნაცვლად, მოხელეები დააფიქსირებენ, აქვს თუ არა ოჯახს კომპიუტერი, ლეპტოპი ან პლანშეტი, და მიუთითებენ მოწყობილობების ტიპსა და რაოდენობას.
ფორმებში ასევე აისახება, აქვს თუ არა შინამეურნეობას ინტერნეტზე წვდომა და რა გზით უკავშირდება ქსელს. სატელეფონო ხაზებით, საკაბელო სატელევიზიო ქსელებით ან ოპტიკური კაბელებით უზრუნველყოფილი კავშირი ფიქსირებულ წვდომად ჩაითვლება, ხოლო მობილური ტელეფონებით, მონაცემთა ბარათებით ან USB მოდემებით მიღებული კავშირი – უსადენო წვდომად.
შინამეურნეობების აღრიცხვის არსებული სისტემა
ახალი მოთხოვნები შინამეურნეობების აღრიცხვის უკვე არსებული სისტემის ნაწილია, რომელიც 2024 წლის 22 მაისს მიღებული სამთავრობო დადგენილებით შეიქმნა.
დადგენილების თანახმად, შინამეურნეობების აღრიცხვა ყოველწლიურად, 1-დან 30 იანვრამდე, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ ტარდება. მოხელეები ვალდებული არიან, ოჯახებს ესტუმრონ და ინფორმაცია ოჯახის უფროსისგან ან ოჯახის სხვა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრისგან მიიღონ.
ინფორმაცია ფიქსირდება ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხელე ოჯახს იანვრის ბოლოს ეწვევა, მონაცემები ასახავდეს თვის დასაწყისში არსებულ სიტუაციას.
სისტემა მოიცავს როგორც მარტო მცხოვრებ პირებს, ასევე ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, სრულად ან ნაწილობრივ აერთიანებენ თავიანთ შემოსავალსა და ქონებას და ერთობლივად მოიხმარენ გარკვეულ საქონელსა თუ მომსახურებას.
აღრიცხვა მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ ელექტრონულ მოწყობილობებს. ოფიციალური პირები ასევე აგროვებენ ინფორმაციას ოჯახის წევრების შესახებ, მათ შორის მათ სახელებს, პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, მოქალაქეობას, განათლებას, დასაქმებას, სოციალურ შეღავათებსა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს.
სხვა მონაცემებს შორისაა საცხოვრებლის ფართობი და ოთახების რაოდენობა, კომუნალურ მომსახურებებზე წვდომა, ავტომობილები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მიწის ნაკვეთები, ნათესები, პირუტყვი, ფრინველი და ფუტკრის სკები.
აღრიცხვა ელექტრონულად ტარდება. ადგილობრივმა აღმასრულებელმა ორგანოებმა შინამეურნეობებისა და მათი წევრების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და სტატისტიკის ორგანოებს 10 თებერვლამდე უნდა წარუდგინონ.
რატომ აღირიცხება კომპიუტერები და ინტერნეტზე წვდომა?
განახლებული ფორმები არ იძლევა კონკრეტულ განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ დაემატა საოჯახო მეურნეობების რეგისტრაციის სისტემას კომპიუტერების, ლეპტოპებისა და პლანშეტების რაოდენობა.
თუმცა ეკონომისტმა რაზი აბასბეილიმ გამოცემა „AzPolitika-სთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს პროცესი ქვეყნის ციფრული განვითარების დონის გაზომვას უკავშირდება და სრულიად ახალი მექანიზმი არ არის.
აბასბეილის თქმით, კომპიუტერებისა და ინტერნეტზე წვდომის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხელს შეუწყობს რეგიონებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული განსხვავებების გამოვლენას.
მისივე განმარტებით, ეს მონაცემები შესაძლოა საერთაშორისო სტატისტიკურ ანგარიშებშიც გამოიყენონ, რათა აზერბაიჯანში კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ უფრო ზუსტი სურათი შეიქმნას.
აბასბეილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მოქალაქეთა კერძო საკუთრების ინვენტარიზაციად არ უნდა განიხილებოდეს და ის, პირველ რიგში, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას ემსახურება.
მისი თქმით, მიღებული ინფორმაცია ხელისუფლებას იმ ტერიტორიების გამოვლენაშიც დაეხმარება, სადაც ინტერნეტზე წვდომისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა საჭირო.
თუმცა სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი შინამეურნეობებში კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ მონაცემებს ისედაც აქვეყნებს ციფრული განვითარების სტატისტიკის ფარგლებში.
კომიტეტის 2026 წლის სტატისტიკურ ცნობარში, რომელიც 2021–2025 წლების მონაცემებს მოიცავს, შესულია ინფორმაცია მოსახლეობაში კომპიუტერების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების, ინტერნეტზე წვდომისა და ციფრული უნარების შესახებ.
კომიტეტის მონაცემებით, კომპიუტერის მქონე შინამეურნეობების წილი 2015 წლის 62.4%-დან 2023 წელს 76.8%-მდე გაიზარდა.
კომიტეტი ასევე აქვეყნებს შინამეურნეობებში არსებული კომპიუტერების ტიპების მიხედვით განაწილებას. 2025 წლის მონაცემებით, ლეპტოპებზე კომპიუტერების 43% მოდიოდა, პერსონალურ, ანუ სამაგიდო კომპიუტერებზე – 19.5%, ხოლო პლანშეტებსა და მსგავს მოწყობილობებზე – 37.5%.
კითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით
შინამეურნეობების აღრიცხვის გაფართოებამ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და დაცვის საკითხებიც წამოჭრა.
არსებული წესების მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ინფორმაციას არა მხოლოდ შინამეურნეობების ქონებისა და საცხოვრებელი პირობების, არამედ ოჯახის ცალკეული წევრების შესახებაც აგროვებენ.
შინამეურნეობების აღრიცხვის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, დაცვა, გავრცელება და გადაცემა აზერბაიჯანის კანონის – „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
აბასბეილის თქმით, დამატებით განმარტებას საჭიროებს, თუ სახელმწიფო უწყებების რომელ ნაწილს ექნება შეგროვებულ ინფორმაციაზე წვდომა, მონაცემები თითოეული შინამეურნეობის ინდივიდუალურ ბაზაში შეინახება თუ ანონიმიზებული სტატისტიკური ინფორმაციის სახით და რა გარანტიები იარსებებს იმისთვის, რომ ეს მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცეს.
განახლებული ინსტრუქცია შინამეურნეობებს არ ავალდებულებს, კომპიუტერის, ლეპტოპის ან პლანშეტის ყოველი შემდგომი შეძენის შესახებ ცალკე განაცხადი წარადგინონ. ამის ნაცვლად, ინფორმაცია ყოველწლიური აღრიცხვის ფარგლებში შეგროვდება.
წესები აღრიცხვის განმახორციელებელ მოხელეებს არც საცხოვრებელში იძულებით შესვლისა და არც ელექტრონული მოწყობილობების შიგთავსის შემოწმების უფლებას ანიჭებს.
აზერბაიჯანის კონსტიტუციის 33-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელში მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა აკრძალულია, გარდა კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.