კოსი: მჯერა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ თავადაც უნდა გამოიჩნონ სურვილი

პუბლიკა

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა გაფართოების ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ კითხვებსაც უპასუხა.

მან გაიმეორა, რომ „კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა და სანამ ქვეყანა რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს იმ მიმართულებებით, რომლებსაც ფუნდამენტურ საკითხებს ვუწოდებთ, წინსვლას ვერ შევძლებთ“.

ამავე დროს, მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან ჩართულობას ცდილობენ – მისი თქმით, მათ შედარებით დაბალ დონეზე, მაგრამ მაინც მიიწვიეს საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, თუმცა არავინ მივიდა.

„ჩვენ ვცდილობთ ჩართულობას, ვიწვევთ მათ, მაგრამ მათ მოსვლა არ სურთ. მათ უმაღლეს დონეზე აღარ ვიწვევთ, ამასთან, ჩვენ კვლავ ვეძებთ თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

როგორც იცით, გვინდოდა გვქონოდა დიალოგი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა“, – თქვა მარტა კოსმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 2027 წლის იანვარში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკითხიც განიხილება, ამ მიმართულებით გარკვეულ წინსვლას მოიტანს.

„ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი: ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

პირველ რიგში, ჩვენ კვლავ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ის საფუძველი, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ.

თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობამ სწორი მიმართულებით უნდა იმოქმედოს. ჩვენს ანგარიშში მკაფიოდ განვსაზღვრეთ, რას ველით მთავრობისგან“, – თქვა მარტა კოსმა.

დაკავშირებადობის კუთხით თანამშრომლობაზე დასმული კითხვის პასუხად მარტა კოსმა თქვა, რომ დაკავშირებადობა გულისხმობს იმის შესწავლას, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება.

„რა თქმა უნდა, ამ გზაზე საქართველოც მდებარეობს. თუმცა, ამ მიმართულებითაც არსებობს გარკვეული პირობები.

როგორც იცით, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინაუში გამოაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ბულგარეთში დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება. იმედი მაქვს, ამ საკითხების განსახილველად ყველა ლიდერი შეიკრიბება.

არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობიდან, რომელსაც ვეწევით ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებებით.

გასულ კვირას კიშინაუში დაკავშირებადობისა და ციფრული საკითხების კონფერენციას დავესწარი, რომელზეც საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ. მათ ჩამოსვლა არ ისურვეს. ამიტომ მათ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ.

მჯერა, რომ ჩვენ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, თავად მათაც უნდა გამოიჩინონ ჩართულობის სურვილი“, – თქვა მარტა კოსმა.