წყალტუბოს სანატორიუმები, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად ერთი თვის წინ ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა, ვერ გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 15 ოქტომბერს ელექტრონულ აუქციონზე 10 ყოფილი სანატორიუმი გამოიტანა გასაყიდად. აუქციონი 13 ნოემბერს დასრულდა. საუბარი იყო მთლიანობაში 433 309 კვ.მ. ფართობის პრივატიზებაზე, რომელთა საწყისი ჯამური ღირებულებაც 49 318 000 ლარით განისაზღვრა.
გასაყიდად იყო გამოტანილი წყალტუბოში მდებარე შემდეგი ყოფილი სანატორიუმები: „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა”, „სავანე“, ყოფილი ბალნეოლოგიური „ფილიალი“, „აია“, „გელათი“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „მეგობრობა“.
აქედან სამ მათგანს – „მედეას”, „გელათსა” და „იმერეთს” – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო დანარჩენი ობიექტების მიწის ნაკვეთების ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის არეალში ექცევა.
აპირებს თუ არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყოფილი სანატორიუმების ხელახლა გამოტანას ელექტრონულ აუქციონზე? ამ კითხვით „პუბლიკამ“ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართა. სააგენტოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზება ჯერ კიდევ 2022 წელს დაწყებული პროექტის ნაწილია. იმ პერიოდში საქართველოს მთავრობამ კურორტის აღდგენისა და განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წარადგინა.
პროექტის პრეზენტაცია იმჟამინდელმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა. ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფომ ინვესტორებს წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი სანატორიუმისა და სასტუმროს პრივატიზება შესთავაზა.
საპრივატიზებო ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტი დაახლოებით 500 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებდა. მიზანი ისტორიული საკურორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნა და სამედიცინო ტურიზმის განვითარება იყო.