სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 5 ოპოზიციური პარტიის საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის მოსაზრებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისა და პლურალიზმის ფუნქციონირების აუცილებელ ფორმას წარმოადგენენ, ხოლო მათ წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი ზომა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანად დემოკრატიაზე. გაერთიანების თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან და პარტიებს აქვთ უფლება, ერთდროულად მოითხოვონ ორივე უფლებიდან მომდინარე დაცულობა.

ამიკუსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება აბსოლუტური არ არის, მისი შეზღუდვა ან პარტიის აკრძალვა, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზულ შემთხვევებში და მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისას არის შესაძლებელი.

ამ კონტექსტში სახალხო დამცველი ეყრდნობა „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდოს ისეთი პარტიები, რომელთა მიზნები და ლიდერთა ქმედებები ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიმართულია დემოკრატიის მოსპობისკენ.

ამიკუსში მიმოხილული ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობის შეფასებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება:

  •  საფრთხის რეალურობა და სიმწვავე — არსებობს თუ არა სათანადო მტკიცებულებები, რომ დემოკრატიისთვის საფრთხე საკმარისად მყისიერია.
  • ქმედებების პარტიისთვის მიკუთვნება — შეიძლება თუ არა სადავო განცხადებები და ქმედებები კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მიეწეროს.
  • პარტიის მიზნების ერთიანი სურათი — ქმნის თუ არა პროგრამა, ლიდერების განცხადებები და მათი პრაქტიკული მოქმედებები ისეთ სურათს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია.
  •  შეზღუდვის აუცილებლობა — არსებობს თუ არა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც პარტიის აკრძალვას გაამართლებს.

ამიკუსში  განხილულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, სადაც  ჩანს, რომ ისეთ საქმეებში, როგორიცაა United Communist Party v. Turkey, Socialist Party v. Turkey ან Yazar v. Turkey, სასამართლომ დარღვევა დაადგინა, რადგან პარტიების აკრძალვა მოხდა მარტოოდენ მშვიდობიანი პოლიტიკური პროგრამის, რეგიონული საკითხების განხილვის ან ისეთი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეიცავდა ძალადობისკენ ან აჯანყებისკენ მოწოდებებს. მსგავსი მიდგომა ვლინდება ბულგარეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებშიც.

მეორე მხრივ, სახალხო დამცველის მოსაზრება ყურადღებას ამახვილებს იმ იშვიათ პრეცედენტებზეც, სადაც ევროპულმა სასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია. ამის მაგალითია საქმე Refah Partisi v. Turkey (2003), სადაც პარტიის დაშლა ძალაში დარჩა, რადგან მისი მიზანი იყო შარიათზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა საყოველთაო პრინციპებთან შეუსაბამო სამართლებრივი სისტემის შექმნა, ხოლო ლიდერები ღიად უშვებდნენ ძალისა და ჯიჰადის გამოყენების შესაძლებლობას ძალაუფლების მოსაპოვებლად.

ასევე, ბასკური პარტიების აკრძალვის საქმეში (Herri Batasuna and Batasuna v. Spain) სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რადგან პარტიები მხარს უჭერდნენ და არ გმობდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ETA-ს თავდასხმებს, რითაც ტერორისტული სტრატეგიის ინსტრუმენტებად იქცნენ.

ამიკუსში ნათქვამია:

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაერთიანების თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული დაცულობით ფასდება;

პრეცედენტულ სამართალში სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული დემოკრატიასთან და პლურალიზმთან. თავის მხრივ, სასამართლოს მითითებით, პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ გაერთიანების ისეთ ფორმას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ხოლო პარტიების როლის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი ზომა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გაერთიანების თავისუფლებაზე, არამედ, დემოკრატიაზე;

გაერთიანების თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა, არამედ უზრუნველყოფილია უკვე შექმნილი პარტიების უფლება, თავისუფლად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა;

საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთ მიზნად შეხედულებების დაცვისა და მათი გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ასახელებს, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება პოლიტიკური პარტიების კონტექსტში;

შესაბამისად, გაერთიანების თავისუფლების ავტონომიური შინაარსის მიუხედავად, აღნიშნულ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შუქზე განმარტავს;

მათ შორის, სასამართლო მიუთითებს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიერ წამოჭრილი საკითხების დიალოგის გზით, არაძალადობრივი განხილვის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც ეს საკითხები შემაშფოთებელი აწ შემაწუხებელია;

ამასთან, რადგან პოლიტიკური პარტიის საქმიანობა გამოხატვის თავისუფლების კოლექტიური სარგებლობის ნაწილია, თავისთავად იგულისხმება, რომ პარტიებს აქვთ უფლება, ერთდროულად მოითხოვონ როგორც გაერთიანების თავისუფლებიდან, ისე გამოხატვის თავისუფლებიდან მომდინარე დაცულობა;

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს და მათ უფლებებში ჩარევის საქმეებს განიხილავს კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) საფუძველზე, მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შუქზე.

თავის მხრივ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მათი გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის ფორმას წარმოადგენს;

ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ისიც, რომ პარტიები გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროდაწ არ გამოირიცხებიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეროვნული ხელისუფლება მათ საქმიანობას კონსტიტუციურ წყობილებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელობის მიუხედავად, ის აბსოლუტური უფლება არ არის და გარკვეულ საგამონაკლისო შემთხვევებში, მისი შეზღუდვა დასაშვებია.

იმისთვის, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, ის

1. გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით;

2. უნდა ემსახურებოდეს კონვენციით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ლეგიტიმური მიზნის (ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, უწესრიგობის ან დანაშაულის აღკვეთა, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა) მიღწევას;

3. ამ მიზნის მისაღწევად, უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გამონაკლისები ვიწროდ უნდა განიმარტოს და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ დამაჯერებელ საფუძვლებს დაეფუძნოს.

ამდენად, სახელმწიფოების მიხედულების ფარგლები ვიწროა უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით და ექვემდებარება სასამართლოს მკაცრ ზედამხედველობას;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებული მიდგომით, უკიდურესი ზომები, როგორიცაა მთელი პარტიის დაშლა/აკრძალვა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზულ შემთხვევებში გამართლდეს;

როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის საქმეებში, გადამწყვეტია ის საკითხი, თუ რამდენად „აუცილებელია“ შეზღუდვის დაწესება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, საქმის შედეგი უფლების შეზღუდვის მართლზომიერების ტესტის მესამე საფეხურის შეფასებისას წყდება. ამ ეტაპზე კი, სასამართლო მხედველობაში იღებს, მათ შორის, შემდეგ გარემოებებს:

პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მხარი დაუჭიროს ქვეყანაში კანონმდებლობის ან სამართლებრივი და კონსტიტუციური წყობილების შეცვლას ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

1. ამ მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს კანონიერი და დემოკრატიული; და

2. შემოთავაზებული ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს;

ამრიგად, პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც ახდენენ ძალადობის წაქეზებას ან ადვოკატირებენ პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, მიმართულია დემოკრატიის მოსპობისკენ ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფისკენ, ვერ მოითხოვს კონვენციისგან მომდინარე დაცულობას;

მსგავს მიდგომას განაპირობებს კონვენციასა და დემოკრატიას შორის არსებული მჭიდრო კავშირი, რომლის გათვალისწინებითაც, არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაეყრდნოს კონვენციის დებულებებს დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისა და ღირებულებების შესუსტების ან განადგურების მიზნით;

სხვა შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხედავს საშიშროებას, ტოტალიტარული მოძრაობები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სახით არსებობენ, დემოკრატიული რეჟიმის პირობებში გაძლიერდწენ და შემდეგ თავად გაანადგურონ დემოკრატია – რომლის მაგალითებიც ევროპის უახლეს ისტორიაში არსებობს.

ეს გამართლება პრაქტიკულად გულისხმობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას;

მხედველობაში მიიღება ასევე, თუ რამდენად შეიცავს პარტიის პროგრამა ძალადობისკენ, ამბოხისკენ ან დემოკრატიული პრინციპების სხვაგვარად უარყოფისკენ მოწოდებებს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უშვებს, რომ პოლიტიკური პარტიის პროგრამა, შესაძლოა, ემსახურებოდეს მისი რეალური მიზნების დაფარვას – ამიტომ, საქმის განხილვისას, სასამართლო პარტიის პროგრამის შინაარსს ადარებს პარტიის ლიდერების პოზიციებსა და მათ ქმედებებს.

დასახელებული ორი ასპექტის ერთობლივად განხილვა მას აძლევს შესაძლებლობას, დაადგინოს პარტიის მიზნები და განზრახვები;

იმის დასადგენად, თუ რამდენად „აუცილებელია“ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმა აწ მისი დაშლა/გაუქმება დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდეგობის მოტივით, სასამართლო აგრეთვე ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ასეთი ზომები „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.

თავის მხრივ, მსგავსი საჭიროების არსებობა ფასდება შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით:

1. რამდენად არსებობს სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის საკმარისად მყისიერი;

2. მიეწერება თუ არა ლიდერთა სადავო ქმედებები და განცხადებები შესაბამის პოლიტიკურ პარტიას;

3. ქმნის თუ არა პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნებული ქმედებები და განცხადებები ერთიან სურათს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საზოგადოების მოდელს, რომელსაც პარტია მხარს უჭერს და რომელიც შეუთავსებელია „დემოკრატიული საზოგადოების“ ცნებასთან.

საქმის შეფასებისას, სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ქვეყნის ისტორიულ კონტექსტსაც“, – აღნიშნულია ამიკუსში.