ირაკლი ღარიბაშვილსა და მასთან ციხეში მისულ გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა, ყოფილმა პრემიერმა გასაუბრებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა „ინტერპრესნიუსი” ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები გასაუბრებას „გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან” გასაუბრებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და იმ შემთხვევაში თუკი გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, „ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან” მისცეს.
ღარიბაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა გამოძიების დაწყებით დაინტერესებული არ არის და, მისივე თქმით, „დაინტერესებული არიან გასაუბრებით“. ამიტომ უფლებადამცველი გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურორს მიმართავს.
„საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის…დღეს, ირაკლი ღარიბაშვილთან ორი გამომძიებელი იყო შესული, მათ გამოთქვეს სურვილი, მას გასაუბრებოდნენ. ჩვენ ვკითხეთ, თუ რომელი საპროცესო ნორმის მიხედვით ხდებოდა გასაუბრება, მათ ეს ვერ დაგვისახელეს, გვითხრეს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ ვუპასუხეთ მათ, რომ ამგვარ ფორმას, გასაუბრებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან, ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა.
როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“ – თქვა სოსო ბარათაშვილმა |„ინტერპრესნიუსი”
სოსო ბარათაშვილის თქმით, უწყება ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა.
კიდევ ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის თქმით, იმ წერილთან დაკავშირებით, სადაც ღარიბაშვილი ღიად ასახელებს მამუკა მდინარაძე, „უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ ფაქტთან დაკავშირებითაც და ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება”.
როგორც ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი გიორგაძემ ღარიბაშვილთან შესვლამდე განაცხადა, პროკურატურაში შესული იყო წერილობითი მოთხოვნა, თუმცა ინფორმაციაში „მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები” არ იყო, ამიტომ ყოფილ პრემიერთან მეტი ინფორმაციის მისაღებად შევიდნენ.
ირაკლი ღრიბაშვილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო შანტაჟზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და პოლიტიკურ დევნაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. მისი განცხადებით, 17 აგვისტოს საჯაროდ გამოაქვეყნა ხელისუფლებისგან მიღებული წერილი, რომელსაც შანტაჟის ხასიათი ჰქონდა და შეიცავდა ულტიმატუმს. ღრიბაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებამ წერილში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ მას „აბსურდული” ბრალი წარუდგინა, ხოლო პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გამოძიება არ დაიწყო. „შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე” – წერდა ირაკლი ღარიბაშვილი.