დიდი ოდენობით ფულის მითვისების საქმეზე დააკავეს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი – პაატა სვანიძე და შპს ,,საჩინოს’’ დირექტორი და შპს ,,ინტრანსის’’ დირექტორი – რუსლან დემუროვი.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.
„მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია „ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს „საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3-ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, – წერს უწყება.
4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. განცხადებაში უწყება სახელებით არ აკონკრეტებს, ვის მიმართ რა ღონისძიება გამოიყენეს.