უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვის ვადა 90 დღით გაგრძელდა

პუბლიკა

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვის ვადა 90 დღით გაგრძელდა.

შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა მიმართა.

განხილვის გადავადების მოთხოვნის საფუძვლად მარიამ ლაშხის წერილში მითითებულია „პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვა და საკითხების სრულყოფილად მომზადება“.

თავის მხრივ, მარიამ ლაშხს კანონპროექტის განხილვისთვის სავალდებულო კომიტეტის – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ მიმართა წერილით, რომ „ობიექტურ მიზეზთა გამო აღნიშნული საკითხის მითითებულ ვადაში (24.11.2026) განხილვა ვერ ხერხდება“ და განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა.

ბიურომ კანონპროექტის განხილვის ახალი ვადა დაადგინა:

  • წამყვანი კომიტეტის სხდომაზე – არაუგვიანეს 2027 წლის 2 ივნისისა;
  • სავალდებულო კომიტეტების სხდომაზე – არაუგვიანეს 2027 წლის 20 მაისისა;
  • პლენარულ სხდომაზე I მოსმენით სავარაუდო განხილვა – 24.11.2026-04.06.2027.

კანონპროექტის განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2 ნოემბერს მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა მოძრაობა „ხმას” ეკუთვნის. პროექტის განხილვა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივის წესით მოხდება. მოძრაობამ პარლამენტში 37 000-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინა. სწორედ ამ მიზნით გროვდებოდა ხელმოწერებიც. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.

კანონპროექტი უფასო სასკოლო კვების პროგრამის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს, დაბალანსებული საკვებით და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უნდა მოიცვას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასკოლო კვების მიზანი არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა და მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება.