საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესზე „ახალის“ წარმომადგენლებისთვის შეკითხვის დასმის უფლების ჩამორთმევას ეხმაურებიან.
ორგანიზაციების შეფასებით, მოსარჩელე მხარისთვის კითხვების დასმის უფლების ჩამორთმევა პროცესში მხარეთა საპროცესო უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და პოლიტიკური პარტიის ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს.
24 ნოემბერს პარტიების აკრძალვის პროცესზე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სხდომიდან გააძევა. გაძევების შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების დროს გვარამიამ კოალიციის სახელით მედიასთან განცხადება გააკეთა, რომ გუნდი დღევანდელ სხდომაზე აღარ დაბრუნდებოდა. ნადარაიამ ეს სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია და მხარეს შეკითხვების დასმის უფლება ჩამოართვა.
განცხადებაში ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მხარეებს ერთმანეთისთვის კითხვების დასმის უფლება აქვთ.
მათი შეფასებით, ამ შესაძლებლობის შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელმაც შესაძლოა, პარტია „ახალის“ აკრძალვა გამოიწვიოს.
საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც იშველიებენ. მათი განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მხარეს უნდა აძლევდეს ადეკვატურ და საკმარის შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დააყენოს მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაკითხოს მათი წარმდგენი პირები.
ორგანიზაციების შეფასებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა გასაჩივრებისა და მოსარჩელეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა „ახალს“ არ მიეცა, შესაძლოა, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვეს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული შემთხვევა ცალკეული საპროცესო ეპიზოდი არ არის. ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ კონსტიტუციური სარჩელების დასაბუთებასთან, მტკიცებულებების გამოკვლევის სტანდარტებთან, მხარეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
საიასა და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ამგვარი გარემოებები პროცესის სამართლიანობის მიმართ სერიოზულ კითხვებს აჩენს. მათი განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულება პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის ნაცვლად პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს.
ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, აღმოფხვრას პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა უმაღლესი საპროცესო და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტების დაცვით. მათი მოთხოვნაა, „ახალის“ წარმომადგენლებს მიეცეთ მოსარჩელე მხარისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა.