პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ვიდეომასალა ოფიციალურად გაავრცელა

პუბლიკა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც სამხედროები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ხედავენ. ვიდეოები არაოფიციალურად 2017 და 2018 წლებში უკვე იყო გავრცელებული, მაგრამ დარწმუნებით ვერავინ საუბრობდა მათ ავთენტურობაზე. გუშინ კი პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა და თავად გაარცელა 3 ვიდეო ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე.

პენტაგონის პრესსპიკერის, სიუ გოუს თქმით, ვიდეოები საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაავრცელეს. „იმის გამო, რომ თავიდან ავირიდოთ საზოგადოებაში ვიდეოების არასწორი ინტერპრეტაცია, დისკუსია იმაზე, არის თუ არა ეს ვიდეოები ნამდვილი ან რეალურად იყო თუ არა უფრო მეტი მასალა, ვიდრე ჩანს“, – თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

ვიდეომასალა თავდაპირველად კერძო კომპანიამ გაავრცელა, რომელიც ჰაერში სხვადასხვა ამოუცნობ ფენომენს იკვლევს. ერთ-ერთი ობიექტი სამხედრო პილოტმა 2004 წელს დაინახა. მისი თქმით, ობიექტი ისე დაფრინავდა, რომ ამის ახსნა უჭირს, მიახლოებისას კი სიჩქარე აკრიფა და ორ წამში გაუჩინარდა. ორ ვიდეოში სამხედროების ხმა ისმის, რომლებიც საუბრობენ, რა ობიექტი შეიძლება დაფრინავდეს. ერთ-ერთი ხმა ამბობს, რომ ეს შეიძლება დრონი ყოფილიყო.

შესაძლო საჰაერო შემოჭრებზე პენტაგონს 2007-2012 წლებში საიდუმლო პროგრამაც ჰქონდა. ლუის ელიზონდო პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი 2017 წელს ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ CNN-თან ჰყვებოდა, რომ „ეს იყო მყარი მტკიცებულება იმის, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ“.

„ეს ხომალდი… ჩვენ მას ხომალდს ვუწოდებთ, ისეთი მახასიათებლებისაა, როგორიც არც აშშ-ში და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ქვეყნებში არ გვხვდება“, – ამბობდა CNN-თან ელიზონდო.