უკრაინაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

პუბლიკა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ „ისლამური სახელმწიფოს“ გამოცდილი მებრძოლი ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელიც უკრაინაში 2018 წელს უკანონოდ ჩავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქეა და აბუ ომარ ალ-შიშანის თანაშემწე იყო, რომელსაც პენტაგონი ისლამური სახელმწიფოს „ომის მინისტრად“ მოიხსენიებდა.

„დაკავებულის სახის ექპერტიზამ დაადასტურა, რომ  ის სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ ძებნილი ლიდერია“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში ამბობენ, დაკავებული არის ცეზარ ტოხოსაშვილი. სუს-ის ინფორმაციით,  2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გამოძიების მიხედვით, 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა.

მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.