რამდენ ხანში შეიქმნება COVID-19-ის ვაქცინა და სამკურნალო მედიკამენტი - ცერცვაძის პროგნოზი

პუბლიკა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტსა და ვაქცინას ხანგრძლივი გამოცდა სჭირდება, ამიტომ ძნელი სათქმელია, როდის შეიქმნება რომელიმე. თუმცა ცერცვაძე ვარაუდობს, რომ მედიკამენტი უფრო მალე შეიქმნება, ვიდრე ვაქცინა. მისი განმარტებით, პრეპარატების შექმნა დამოკიდებულია პანდემიის მიმდინარეობაზე – მზარდი ტენდენციის შემთხვევაში, მედიკამენტი შეიქმნება შემოდგომისთვის, დაღმასვლის შემთხვევაში კი, დაახლოებით, ერთ წელიწადში.

„სავარაუდოდ, შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას. ეს დამოკიდებულია, როგორ წავა პანდემია.

თუ პანდემია ისეთი გზით და მასშტაბით წავიდა, როგორც ახლა მიდის, ანუ მზარდი ტენდენციით, სერიოზული ზარალით და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მსოფლიოს, მაშინ ეს კვლევები დაჩქარდება –მობლიზდება უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, შესაბამისად, მედიკამენტიც და ვაქცინაც (ან ორივე ერთად) გამოჩნდება უფრო ადრე. ეს იქნება, ჩემი ვარაუდით, დაახლოებით, შემოდგომაზე, მაგრამ, თუ პანდემიის მიმდინარეობისას მოხერხდა სტაბილიზაცია, ან მისი დაღმასვლით გაშვება, ან ვირუსმა გამოავლინა სეზონურობა და ეს პანდემია აღარ იქნება ძალიან სერიოზული პრობლემების მომასწავებელი მსოფლიოსთვის, როგორიც ის დღეს არის, მაშინ, სავარაუდოდ, კვლევა გაგრძელდება კვლავ ინტენსიურად, მაგრამ არა ისე ექსტრემალური მობილიზებით და მაშინ, სავარაუდოდ, ასეთი მედიკამენტის გამოჩენა მოსალოდნელია ერთი წლის ფარგლებში.

მე დავასახელებდი ორ თარიღს: პანდემიის მძიმე მსვლელობის შემთხვევაში ეს იქნება შემოდგომა, ხოლო პანდემიის შერბილების/დაღმავალი გზით წასვლის შემთხვევაში ეს იქნება ერთ წელიწადში”, – განაცხადა ცერცვაძემ „მოამბის” ეთერში.