უმრავსელობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი დიპლომატების დღევანდელი განცხადება ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციური პატრიები არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, დიპლომატების განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობა” 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას.
„ახლახანს გავრცელდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შინაარს და სულისკვეთებას, რაც არის მითითებული დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღისა და წინა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. ანუ შინაარსზე და სულისკვეთებაზე არის პირდაპირი მითითება, ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე რაც წერია დოკუმენტის მეორე ნაწილში და არა იმაზე რასაც ყვებოდნენ და ატყუებდნენ საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები.
ეს ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას ნაცმოძრაობა და მთელი მისი კლასტერი და შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტრად სხვას, არ ჩარევას მართლმსაჯულებაში და ამაზეა მინიშნება და პირდაპირი მითითება დღეს ელჩების განცხადებაშიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას”, – აღნიშნულია დიპლომატების განცხადებაში.
მათ განცხადებაში მოუწოდეს მხარეებს, „რულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს”.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.