ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს უწყებაში დაბარებული იყო ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან თქვა, რომ ჩორჩანის საგუშაგოს შესახებ არაფერი იცოდა და რამდენიმე კვირის წინ გაიგო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.
„ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო შეკითხვები. არაფერი, მე განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ჩემთვის უცნობი იყო ეს მოვლენა. მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, სულ რამდენიმე, არ ვიცი, კვირაა, რაც გააქტიურდა ეს საკითხი. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. […] დადგმის შემდეგ არა, გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა; ახლა, რამდენიმე კვირის წინ“, – თქვა ივანე მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი იყო 2018 წლიდან 2021 წლის 31 მარტამდე.
პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყება ამბობს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.
უწყებამ გამოჰკითხა ადგილობრივები, ასევე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.,„ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი, ასვე ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.
წულუკიანის კომისია გახარიას ედავება, რომ საქართელოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 100 ჰექტარ ტერიტორიაზე კონტროლი მის მიერ საგუშაგოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგმის შემდეგ დაკარგა.
გახარია ამ თემაზე საგამოძიებო კომისიამ მეორედ 2 ივლისს გამოჰკითხა. მან თქვა, რომ გეგმით იქ 7 საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო, პირველი საგუშაგოს დადმის შემდეგ ის პრემიერი გახდა და შემდეგ მოხდა „ამ გეგმის საბოტაჟი“.