5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულ ა.ა.-ს საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული.

„ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. აღნიშნულის შემდეგ სასამართლო იკვლევდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების განცხადებით, რადგან ბრალდებულს საპატიმრო ვადა  5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ  მიიღო გადაწყვეტილება და მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

„საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს“, – აცხადებს პროკურატურა.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან  15 წლამდე.