„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება.
„რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი“, – აცხადებს კონსორციუმი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო, „იმ კრიზისის გამო, რომელიც გამოწვეულია საქართველოში COVID-19 პანდემიით. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება – რათა დავის პროცესმა კიდევ უფრო არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები“.
კონსორციუმის განცხადებით, ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციებით, დამატებით სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, „განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების სხვა ქვეყნებში გადატანა“.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება:
▪︎ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორი უკვე ჩართულია პროექტში და რიგი მსხვილ ინვესტორებისა დამატებით ინტერესს გამოთქვამენ;
▪︎ ახალი სამუშაო ადგილები: პირდაპირ და არაპირდაპირ შეიქმნება 16 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი;
▪︎ შემოსავლები სახელმწიფოს: კონცესიის განმავლობაში, კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთვის მხოლოდ როიალითის სახით გადასახდელი 500 მილიონ აშშ დოლარამდეა შეფასებული. გარდა ამისა, კონცესიის ვადის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს გადაეცემა, რაც ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო დიდ შემოსავლებს სახელმწიფოსთვის.
კონსორციუმი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას უკვე მიღწეული შედეგების შესახებ:
- კონსორციუმი აქტიურად ახდენდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, კონსორციუმმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს შუა კორიდორის სტრატეგიულ პარტნიორებთან (აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პორტები); შეუერთდა ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს – როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთის ტრანზიტის მნიშვნელოვანი რგოლი; მიიღო დაპირებები, რომ ცენტრალური აზიიდან ყოველწლიურად მიიღებდა დიდი ოდენობით ახალ ნაყარ ტვირთს; დაიწყო თანამშრომლობა რუმინულ პორტ კონსტანცასთან, რათა უზრუნველეყო კავშირი ევროკავშირთან, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორთან.
- ხელი მოეწერა დაფინანსების წერილებს ოთხ მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) – 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე.
- ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია, ფრანგული ეიფაჟი (Eiffage), ტენდერის საფუძველზე შერჩეული იქნა კონსორციუმის გენერალურ კონტრაქტორად, რომელიც თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარნტიორებთან ერთად (ჰოლანდიური ABB და ქართული CRP) განახორციელებდა ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს.
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერატორად შეირჩა SSA Marine, უმსხვილესი ამერიკული ოპერატორი, რომელიც 200-მდე საზღვაო ტერმინალის ოპერირებას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით.
- ჩინეთის უმსხვილესი და ამწეების წარმოების მხრივ მსოფლიოს უდიდესი კომპანია, ZPMC, შერჩეული იქნა როგორც eRTG ამწეების მომწოდებელი, ხოლო სამხრეთ კორეული გიგანტი Hyundai – როგორც STS საკონტეინერო ამწეების
მომწოდებელი, საერთაშორისო ტენდერის შედეგად. - ადგილზე ჩატარებული იქნა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ადრეული დაღრმავებისა და რეფულირების სამუშაოები – ზღვიდან ამოღებული იქნა და პლატფორმის ასამაღლებლად განთავსდა 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა. ეს სამუშაოები აწარმოა მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში, ჰოლანდიურმა Van Oord Dredging and Marine Contractors BV-მ. დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემები. ადრეულმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა მოიცვა აგრეთვე 2.5 კმ. სარწყავი არხისა და შიდა გზების მშენებლობა, არსებული საკომუნიკაციო ხაზების რელოკაცია, გეოდეზიური კვლევები და ნარჩენების მართვა.
განცხადებაში აღნიშნულია, ეკონომიკური ზონა, რომელიც პორტის განვითარების პარალელურად განვითარდება, „იქნება თანამედროვე ინოვაციური ქალაქი, გამორჩეული ურბანული დიზაინით, თანამედროვე საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო კავშირებით, დივერსიფიცირებული სამუშაო შესაძლებლობებით – ლოჯისტიკის, წარმოების, დეველოპერულ, ჯანდაცვის და მრავალ სხვა სექტორში, აქცენტით – მდგრად განვითარებაზე“.
კონსორციუმი აცხადებს, რომ ეს არის ის გრძელვადიანი ხედვა, რომლის რეალიზების შემთხვევაშიც, ანაკლია გახდება ახალი რეგიონული ბიზნეს და ფინანსური ცენტრი, მსხვილი ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკებით, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი სისტემებით, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურით, და ამ ყველაფერმა ერთად უნდა შექმნას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პარალელურად, კონსორციუმი მუშაობდა ანაკლიის ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების მიმართულებითაც. მნიშვნელოვანი ინტერესი იყო გამოხატული იაპონელი ინვესტორების მხრიდან ამ ორივე პროექტის მიმართ. 2019 წელს იაპონიის მთავრობამ გამოყო ფინანსური და პროფესიული რესურსი, რომ ჩატარებულიყო საჭირო კვლევები და მომზადებულიყო ქალაქ ანაკლიის განვითარების კონცეპტუალური გენერალური გეგმა. იაპონურმა კომპანიამ Nippon Koei-მ, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს გრანტით შეიმუშავა კიდეც ეს კონცეპტუალური გეგმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კობსორციუმის განცხადებით, ეს სამუშაოები კვლავ გრძელდება და იაპონელი პარტნიორები მზად არიან გააღრმავონ პარტნიორობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. „გარდა ამისა, „ანაკლია სითიმ“ ხელი მოაწერა მემორანდუმს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აზიის განვითარების ბანკთან, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას პროექტისადმი“.
„დღეს, როცა იაპონია, აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები განიხილავენ თავიანთი კომპანიების სიმძლავრეების ჩინეთიდან გატანას სხვა ქვეყნებში, საქართველო – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით – ხდება მიმზიდველი ადგილი ასეთი კომპანიებისა და მწარმოებლებისთვის. ასეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე უარის თქმა იქნება დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის“.
კონსორციუმი ანაკლიას ახალი რეგიონული მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად ერთადერთი შესაფერის ადგილს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანაკლიის პროექტის გრძელვადიანი მხარდაჭერა და პორტის გამტარუნარიანობის ეტაპობრივი ზრდა იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანა არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიმართულებით.
„პროექტის დასრულების შემდეგ „ანაკლია სითი“ გახდება საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიზიდულობის ცენტრი, მსოფლიო კლასის ბიზნეს და კულტურული
დანიშნულების ადგილი, რომელიც საქართველოს გადააქცევს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ქვეყანად ევროპისა და აზიის გასაყარზე. ამ მიზნის მისაღწევად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია – სპეციალური ეკონომიკური ზონით, ქმნის
საუკეთესო შესაძლებლობას“, – აცხადებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“.