ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალნენ მოქალაქე ლევან აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები.
ორგანიზაციის თქმით, ცენტრი იცავდა ლევან აბაშიძის სამართლებრივ ინტერესებს, რომელმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით 2016 წელს მიმართა.
„ლევან აბაშიძე აცხადებდა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, მას პრობლემები ექმნებოდა სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას. მესაზღვრეები მას უცხადებდნენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ იგი არ შემოეშვათ საქართველოში.
2016 წელს ლევან აბაშიძე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვის შემდეგ შემოვიდა. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნველეყოთ საქართველოში მისი თავისუფლად, ყველანაირი საფრთხის გარეშე, შემოსვლა და ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება.
ადამიანის უფლებათა ცენტრს ლევან აბაშიძემ 2016 წლის დეკემბრის თვეში წერილობით მომართა, სადაც განმარტავდა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას დაეტოვებინა ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, რაც დაემართებოდა“.
2018 წელს ლევან აბაშიძეს კვლავ შეექმნა პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, რის გამო ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უზრუნველყოთ მისი ქვეყანაში შემოსვლა და უსაფრთხოება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გამოძიებას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და საბოლოო დასკვნებამდე სრულად უზრუნველყოს ყველა გარემოების მიუკერძოებელი, ობიექტური გამოკვლევა.
ადამიანის უფლებათა ცენტრში დაცულია ლევან აბაშიძის ვიდეომიმართვა, სადაც იგი საუბრობს დევნასა და შევიწროებაზე. ორგანიზაცია, მზადაა, ვიდეომიმართვა მიაწოდოს გამოძიებას და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე – მედიას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.