ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით, ტერმინის „საკარანტინო ღონისძიებების” განმარტება დღეს არსებულ ჩანაწერთან შედარებით ფართოვდება  და ამის საფუძველზე საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებელი ხდება, შეიზღუდოს:

►საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;

►საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;

► ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. მათი თქმით, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და იმგვარი რეგულაციები და ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს დაავადებას.

„შესაბამისად, საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შესაძლებელი იყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესების სწორად წარმართვას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.

TI-ის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად  სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. რადგან, მათი განმარტებით, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.

ამავე თემაზე:

► ახალი კანონპროექტი მთავრობას არაპროპორციულ ძალას ანიჭებს – საია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებზე;

► დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს – EMC;

► საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებები არაკონსტიტუციურია – TI;

► აუცილებელია ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე;

► საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს – კანონპროექტი.