დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს - EMC

პუბლიკა

EMC ეხმიანება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პირდაპირ და აშკარა რისკებს შეიცავს.

19 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არასაგანგებო მდგომარეობაში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონპროექტის თანახმად, იცვლება კანონის შესავალ მუხლებში (მუხლი 3) იზოლაციისა და კარანტინის დეფინიცია და რადიკალურად ფართოვდება ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სპექტრი. ახალი ინიციატივით, საკარანტინო ღონისძიებები მათ შორის გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

„ამასთან, იზოლაციისა და კარანტინის წესის გარდა, რომელიც მთავრობამ ან შესაბამისმა სამინისტრომ უნდა მიიღოს, მთავრობას შეუძლია აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების, კანონმდებლობისგან განსხვავებულ დროებითი წესიც მიიღოს (მუხლი 11.6). შესაბამისად, მთავრობის ან სამინიტროს მიერ დამტკიცებული წესით, ნებისმიერი მასშტაბითა და ფორმით შეიძლება განისაზღვროს ზემოთ დასახელებული უფლებების შეზღუდვის საკითხი“

EMC-ის განცხადებით, ხაზი უნდა გაესვას უფლებაში ჩარევის კანონპროექტით გათვალისწინებული პირობების ძალიან ფართო და ბუნდოვანი რეგულირების პრობლემას, რომელიც იზოლაციის და კარანტინის დროს უფლების შეზღუდვის ძალიან აბსტრაქტულ, არაგანჭვრეტად და თვითნებობის მაღალი რისკების შემცველ პირობებსა და ღონისძიებებს აწესებს. „ნადცვლად იმისა, რომ კანონპროექტს პანდემიის, ეპიდემიის და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების დროს უფლებების შეზღუდვის კონკრეტული ფორმები და პირობები დაედგინა, ის ფუნდამენტური სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკომიკური და სოციალური უფლებების შეზღუდვის ფართო დისკრეციას გადასცემს მთავრობასა და სხვა უწყებებს, რა დროსაც ამ დისკრეციის ფარგლები კანონით არ არის ნათლად შემოფარგლული“.

„ინიციატივის კანონად ქცევა, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ანიჭებს ორდინალურ ვითარებაში თითქმის იმავე ზომების გატარების უფლებას, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჰქონდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის დღეს მოქმედ რედაქციას ბევრი ხარვეზი აქვს და ის ნამდვილად საჭიროებს გამოსწორებას, თუმცა არა აღმასრულებელი ხელისუფლების უკონტროლო ძალაუფლების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების გზით“, – აცხადებს EMC

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინიციატივა საგანგებო მდგოამრეობის ნორმალიზაციას ახდენს და შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რადგან ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მინიმალურ საპარლამენტო ან სასამართლო კონტროლსაც კი არ ითვალისწინებს კანონპროექტი.

„ბუნებრივია, სახელმწიფო ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში შედარებით გაამკაცროს ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. თუმცა, სახელმწიფოს ზემოქმედების შესაძლებლობები ბოლომდე არც არსებული კანონმდებლობით აქვს შეკვეცილი, წარმოდგენილი პროექტი კი მხოლოდ არასაჭირო ძალაუფლების განვრცობისა და კონცეტრაციის წყარო შეიძლება გახდეს. ამასთანავე, სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის სტრატეგია არ უნდა დავიდეს მარტოოდენ აღმასრულებელი შტოს ძალაუფლების გაფართოების იდეამდე, რომელშიც გამორიცხული იქნება ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინირებული მუშაობის, საზედამხედველო პროცესისა და დემოკრატიული თანამონაწილეობის ელემენტები“.

EMC-ის განცხადებით, ინიციატივა უკავშირდება 23 აპრილს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ერთი მხრივ დადგინდა იზოლაციის/კარანტინის წესის მიღების აუცილებლობა, მეორე მხრივ კი დაწესდა რეპრესიული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივ სანქციები მისი დარღვევის შემთხვევაში. 23 აპრილს განხორციელებული ცვლილებებით, ბუნდოვანი და რისკის შემცველი იყო რეგულირების რა მასშტაბი შეიძლებოდა დაედგინა მთავრობას, ახლა კი, წარმოდგენილი ინიციატივით, კანონის დონეზე განისაზღვრა მისი ფაქტობრივად შეუზღუდავი ბუნება. „აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში, პარლამენტს არ გააჩნია ზემოქმედების რაიმე ბერკეტი“.

„ნიშანდობლივია ისიც, რომ დაგეგმილ ცვლილებებში არ არის წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების რელიგიურ ორგანიზაციებზე გავრცელებასთან დაკავშირებული დამატებები, რისი რეგულირების საჭიროებაც პანდემიის პირობებში მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, აშკარად თვალისაჩინო გახდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ლეგიტიმური საჯარო ინტერესების სათანადო გათვალისწინება მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა ამ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის საფუძველზე საგანგებო მდგომარების პირობებში დაუშვებელია და სახელმწიფოს მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაშიც არ აძლევს მისი მართლზომიერი შეზღუდვის შესაძლებლობას“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, რათა პარლამენტმა მისი საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე მიღება მოასწროს. „თუმცა ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ არგუმენტაცია, რატომ ვერ მოხერხდა კანონპროექტის უფრო ადრე ინიცირება, რათა პარლამენტს და საზოგადოებას მეტი დრო ჰქონოდა მისი განხილვისათვის. მსგავსი მნიშვნელობის და ადამიანის უფლებებზე შესაძლო მძიმე ეფექტის მქონე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს ფართო პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობა და სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის პირობები და დაჩქარებული განხილვის პროცედურა ამის მინიმალურ შესაძლებლობასაც კი არ იძლევა“.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა და სანაცვლოდ იმუშაოს უფრო დემოკრატიულ, ინკლუზიურ და სოციალურად მგრძნობიარე საკანონმდებლო რეფორმაზე, რომელიც მათ შორის შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ნორმების ცვლილებებსაც მოიცავს.