I კვარტალში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა 3-ჯერ გაიზარდა - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა სამჯერ გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი 60 მილიონი ლარია.

„ასევე აქტიურად ვაგრძელებთ წიაღის აუქციონებს“, – აცხადებს ნათია თურნავა. მინისტრის თქმით, დაჩქარებული ტემპით გააქტიურდება როგორც პრივატიზების, ასევე წიაღის ლიცენზიების აუქციონებიც.

„ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ობიექტებზე, რომელიც წინა პერიოდში რამდენჯერმე იყო გამოტანილი აუქციონზე და ვერ გაიყიდა, შესაძლოა, ფასები შევამციროთ მსოფლიოში არსებული რეცესიიდან და დეველოპმენტის ბაზარზე შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე. რაც შეხება მსხვილ ობიექტებს, ვფიქრობთ, მსგავსი უნიკალური ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოსატანად უახლოესი თვეები საუკეთესო პერიოდი არ იქნება“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.