ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

პუბლიკა

„გილოცავთ, მოძმე საქართველო!“ – საქართველოში სომხეთის საელჩოსა და ელჩის, რუბენ სადოიანის, ინიციატივით დღეს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე, ქალაქ ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში იყო განათებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ საზოგადოებას 26 მაისი სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა:

„მთელი გულით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი გადაწყვეტილება, აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება.

საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დამყარებული. მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს სანდო მეგობარია.

ძვირფასო პრემიერო, ვაფასებ ჩვენს მთავრობებს შორის არსებულ თანამშრომლობას ამ რთულ პერიოდში, რაც კორონავირუსის პანდემიას ეხება, განსაკუთრებით აღვნიშნავ ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის და სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში ამ პერიოდში. მჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გადავლახოთ კაცობრიობის ეს განსაცდელი.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გისურვოთ საუკეთესო სურვილები, წარმატება, ჯანმრთელობა და გამძლეობა ამ რთულ პერიოდში“, –  წერია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.