ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა დაპირებების შეუსრულებლობაა – IRI-ის კვლევა

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ხელისუფლების ყველაზე დიდ მარცხად დაპირებების შეუსრულებლობას მიიჩნევენ – ასე პასუხობს გამოკითხულთა 12%.

8%-ის აზრით, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი წარუმატებლობა ლარის გაუფასურებაა, ხოლო 7%-ის აზრით – 20 ივნისის მოვლენები. გამოკითხულთა 6% ყველაზე დიდ მარცხად ეკონომიკურ კრიზისს მიიჩნევს, 5% კი – მცოცავ ოკუპაციას.

მოქალაქეებმა ხელისუფლების ყველაზე დიდ მარცხს შორის ასევე დაასახელეს: სიღარიბე, უმუშევრობა, კოჰაბიტაცია, ნდობის დაკარგვა, საკადრო პოლიტიკა, გავრილოვის ვიზიტი და სხვ.

გამოკითხულთა 2% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას დიდი წარუმატებლობა არ ჰქონია, ხოლო 28 პროცენტმა არ იცის ან არ უპასუხა.

IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%; საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.