IRI-ის კვლევით, მოქალაქეთა 4%-ს მიაჩნია, რომ 2021 წელს საქართველო NATO-ს წევრი გახდება. გამოკითხულთა 2% ფიქრობს, რომ გაწევრება 2022 წელს მოხდება, ასევე 2 პროცენტს სჯერა, რომ ეს 2023 წელს იქნება, 3% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ჩრილოატლანტიკურ ალიანსში 2024 წელს გაწევრდება.
მოქალაქეთა 18%-ის აზრით, საქართველო NATO-ს წევრი 2024 წლის შემდეგ გახდება, 17%-ს მიაჩნია, რომ ეს არასდროს მოხდება. 54-მა პროცენტმა არ იცის ან კითხვას არ უპასუხა.
ზოგადად, NATO-ში გაწევრებას მთლიანობაში გამოკითხულთა 71% უჭერს მხარს, 19% კი ეწინააღმდეგება.
გამოკითხულთა უმრავლესობა, ვინც მხარს უჭერს NATO-ში გაწევრებას – 27% მიიჩნევს, რომ ალიანსში შესვლის მთავარი სარგებელი უსაფრთხოება იქნება, 15%-ის აზრით – თავდაცვა, 11 პროცენტს კი ეკონომიკური გაძლიერება მიაჩნია მთავარ სარგებლად.
გაწევრების მთავარ დაბრკოლებად მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს მიიჩნევს, ასე ფიქრობს გამოკითხულთა 41%. მას რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოსდევს – 23%, 11%-ის აზრით, მთავარი დაბრკოლება ქართული ოპოზიციაა, 7%-ის აზრით კი – წინააღმდეგობა NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან. 17-მა პროცენტმა არ იცის ან არ უპასუხა.
მოსახლეობის უმრავლესობას – 47 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო ალიანსს მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეუერთდეს, როცა სრულად დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. 31%-ის აზრით კი, საქართველო ამ ტერიტორიების სრული რეინტეგრაციის გარეშეც უნდა გახდეს NATO-ს წევრი. 22-მა პროცენტმა არ იცის ან არ უპასუხა.
IRI-ის კვლევით, მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. მთლიანობაში, ევროკავშირში გაწევრებას გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს, 10% კი ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის მომხრეთა უმრავლესობის აზრით კი, საქართველოსთვის მთავარი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერება იქნება, ასე ფიქრობს გამოკითხულთა 45%, 8 პროცენტს კი მთავარ სარგებლად უვიზო მიმოსვლა მიაჩნია.
IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%; საველე სამუშაოები ჩაატარა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.