ონის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ

პუბლიკა

„მწვანე ალტერნატივამ” და საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლითაც ,,ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტზე  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. ორგანიზაციების შეფასებით:

„ჰესის მშენებელმა კომპანიამ – სს ,,ონის კასკადმა“, არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას,  პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

ამასთანავე, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უხეშად იქნა უგულებელყოფილი საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

რა იგეგმება რაჭაში:

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – ონი 1 ჰესი (122.46 მგვტ) და ონი 2 ჰესი (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია.

კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა;
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა;
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური);

2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა.