ორშაბათს იქნება დიდი შეკრება, სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი – დიღმელაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აქციის გეგმები გააცნო.

როგორც დიღმელაშვილი ამბობს, უცვლელია აქციის მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.

მისივე თქმით, ორშაბათს 19 საათზე გაიმართება მასშტაბური აქცია და სამშაბათისთვის, როცა პლენარული სხდომაა დაგეგმილი, კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება.

„პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა, რომელსაც არ დავთმობით. ჩვენ შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში. ჩვენ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს (გერმანული მოდელით) აუცილებლად უზრუნველვყობთ.

ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი.

თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, თუ მათ მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, – თქვა დიღმელაშვილმა.