„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს ოპოზიციური პარტიების სახელით მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, ორშაბათს, 25 ნოემბერს, 7 საათზე ისინი შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან პარლამენტისკენ. მისივე თქმით, ისინი კვლავ გეგმავენ პარლამენტის პიკეტირებას.
„ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება… სამშაბათს, მათი ჭკუით, უნდა ჩატარდეს პლენარული სესია, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ.
ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, კონსტიტუციური და კანონიერი. ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნების გზით დამთავრდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, ორშაბათამდე კვლავ ყოველდღიურად გაიმართება აქციები.
„ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარემო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გუგავამ.