ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკო“-ს დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით მიაწოდა ცხენის ხორციც.

„სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- ნათქვამია განცხადებაში.