სასამართლომ ბათილად ცნო დეკრეტული შვებულების შემდეგ პირის გათავისუფლების ბრძანება – პროფკავშირები

პუბლიკა

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კომპანია „დელუქს დეველოპმენტის“ მიერ დეკრეტული შვებულების დამთავრებიდან მეორე დღესვე პირის გათავისუფლების ბრძანება და კომპანიას დააკისრა კომპენსაციის 15 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის – 2 500 ლარის (ჯამში 17 500 ლარის) გადახდა.

ორგანიზაციის ცნობით, სამშენებლო კომპანია „დელუქს დეველოპმენტმა“ ს.კ. დეკრეტული შვებულების დამთავრებიდან მეორე დღესვე, ყოველგვარი მიზეზისა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან. ამასთან, მას არ აუნაზღაურეს არც გამოუყენებელი შვებულების თანხა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის 15 000 ლარის და გამოუყენებელი შვებულების თანხის – 2500 ლარის (ჯამში 17 500 ლარის) გადახდა”, – წერია განცხადებაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახური.