პროკურატურა სახალხო დამცველს შაქარაშვილის საქმის მასალებს გააცნობს

პუბლიკა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის მიმართვას უპასუხა და ომბუდსმენთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“, – წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის ოფიციალური მოთხოვნით მიმართა.

ნინო ლომჯარია გუშინ გარდაცვლილის ოჯახს შეხვდა და მათი პოზიცია მოისმინა. ომბუდსმენი წერს, რომ ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

გარდა ოჯახისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს საქმეზე ბრალდებული 17-ვე პირი.

„აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.