NGO-ები მთავრობას ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტად პოლიტიკური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ რამდენიმეა თვეა აკვირდებიან „ქალაქ მარნეულში ბოლშევიკი მწერლის და რევოლუციონერის, ნარიმანოვ ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების, მათ შორის, ქართული მარშის, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის მიერ ორგანიზებულ პრობლემურ და შოვინისტურ კამპანიას“.

განცხადებაში განხილულია ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო დაწყებული დისკუსიისა და აზრთა სხვადასხვაობის ეტაპები, კერძოდ, წერენ, რომ დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მარნეულის მერიამ ძეგლი განაახლა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა კი ზაურ დარგალი ამ  რეაბილიტაციის გამო გააკრიტიკა, „ულტიმატუმი წაუყენა და მკვეთრად შოვინისტური განცხადებები გააკეთა“. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეპისკოპოსის გამოსვლას მალევე მოჰყვა ქართული მარშისა და სხვა ულტრაკონსერვატიული რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა და აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში.

გარდა საკითხის გარშემო საზოგადოებრივი დისკუსიისა, 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით, თუმცა, ორგანიზაციების შეფასებით, თუმცა, გამოძიების მიზანი საზოგადოებისთვის გასაგები და ნათელი არ ყოფილა.

გუშინლ 16 ივლისს  ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ქართულ მარშთან დაკავშირებულმა სხვა ლიდერებმა მარნეულში აქცია გამართეს.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, რეგიონში შექმნილი სოციალური დაძაბულობის მიუხედავად, ამ დრომდე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები არ ახდენენ რეაგირებას მიმდინარე პროცესებზე და ცდილობენ საკითხის სრულიად იგნორირებას.

„იმის გამო, რომ თავად [სუსის] გამოძიების მიზანი, შინაარსი და კონტექსტი ამ დრომდე ბუნდოვანი და პრობლემურია, მას რაიმე შედეგი, მათ შორის, რადიკალური ჯგუფების შემდგომი ქმედებების პრევენცია არ მოჰყოლია.

ჩვენი შეფასებით, ამ პროცესში ჩანს კულტურის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ფრთხილ და სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს. ეს, ერთი მხრივ, საბჭოთა მეხსიერებისა და წარსულის გააზრებისა და მართვის პოლიტიკის არათანმიმდევრულობას, მეორე მხრივ კი, ისტორიისა და კულტურის ეროვნულ პოლიტიკაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების იდენტობის, კულტურის, რელიგიის არასაკმარის რეპრეზენტაციას და ზოგჯერ გაუჩინარების/წაშლის მცდელობას უკავშირდება.

საქართველოს აზერბაიჯანელ თემში არსებობს ღრმა იდენტიფიკაცია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ სისტემასთან, თუმცა, ამავდროულად არსებობს განცდა, რომ მათი ისტორია, კულტურული ღვაწლი და როლი ჩვენს საერთო ისტორიაში და კულტურაში სათანადოდ აღიარებული და წარმოდგენილი არ არის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, ბოლშევიკი ლიდერების ძეგლების აღმართვის საკითხს არ ეთანხმებიან, გაზიარებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათი ხედვით, არსებითია, რომ სახელმწიფომ ამ პროცესის დელიკატურობა და სოციალური ეფექტები სათანადოდ გაიაზროს და მას თანმიმდევრული კულტურის პოლიტიკის გატარებით უპასუხოს.

„მშვიდობისა და თემებთან რეალური დიალოგის პროცესის შექმნა მთავრობისა და მისი უწყებების უპირობო მიზანი უნდა გახდეს. აუცილებელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს მკვლევრების, ექსპერტებისა და ადგილობრივი თემის ლიდერების მონაწილეობით მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით გადაჭრის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ადგილობრივ თემებთან კონსულტაციების და საგანმანათლებლო მიდგომები იყოს გამოყენებული. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფომ გაიაზროს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კულტურის დაცვისა და რეპრეზენტაციის მნიშვნელობა და მულტიკულტურული გარემოს შექმნის აუცილებლობა. ამგვარი გრძელვადიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესის შექმნა ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის შესაძლო გაუცხოებისა და ამასთან დაკავშირებული სოციალური ტრავმების პრევენციისთვის.

ცალკე უნდა აღინიშნოს ძალადობრივ ულტრაკონსერვატიულ რადიკალურ ჯგუფებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის პრობლემა. სახელმწიფო არ იკვლევს ულტრაკონსერვატიული პოლიტიკისა და ძალადობრივი ჯგუფების აღზევების სტრუქტურულ მიზეზებს და არც მისი დაძლევის სისტემური პოლიტიკა გააჩნია. ამასთან ოპერაციულ დონეზეც კი არ ჩანს, რომ სახელმწიფო ცდილობს ამგვარი ჯგუფების დაფინანსების, ინტერესების, კავშირების იდენტიფიცირებას, გასაჯაროების და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობების ეფექტიან პრევენციას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

მთავრობას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  1. შექმნას პოლიტიკური პროცესი (სამუშაო ჯგუფი) ნ. ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებული უკმაყოფილების და წუხილების მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადასაჭრელად. არსებითია, ეს პროცესი მეცნიერების, მკვლევრების, ადგილობრივი თემის ლიდერების მონაწილეობითა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართე დისკუსიის მიდგომებით წარიმართოს და ის წარსულის გააზრების საერთო ეროვნულ პოლიტიკაში მოექცეს;
  2. არ დაუშვან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მარნეულში დაძაბულობისა და შუღლის გაღვივების რისკების შექმნა და მიიღონ ეფექტიანი პრევენციული ზომები რეგიონში მშვიდობიანი და თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შესაქმნელად;
  3. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მულტიეთნიკურ რეგიონებში შეისწავლოს კულტურულის პოლიტიკის გამოწვევები, ამ კუთხით ეთნიკური უმცირესობების წუხილები და უზრუნველყოს მათი კულტურის სათანადო რეპრეზენტაცია, დაცვა და განვითარება და მულტიკულტურული დიალოგის პლატფორმებისა და პრაქტიკის შექმნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

  1. შეიმუშავოს ძალადობრივი ულტრაკონსერვატიული ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული მონიტორინგისა და პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარი ჯგუფების კავშირების, დაფინანსების წყაროების, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რათა მაქსიმალურად დააზღვიოს ამ ჯგუფების ლიდერების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;