სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ 3-თვიანი მუშაობის შემდეგ დასკვნა წარადგინა.
დოკუნენტის თანახმად, სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მწარმოებლების, იმპორტიორების/დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით განიზაზღვრება.
კვლევის თანახმად, ფასი არ ყალიბდება მხოლოდ თვითღირებულებაზე ან მარჟებზე დაყრდნობით, არამედ ის „მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული საბრუნავი კაპიტალის ღირებულებაზე, კომერციულ პირობებზე, ლოგისტიკაზე და გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე”.
კომისია რეკომენდაციის თანახმად, ეფექტიანი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. სწორედ ამიტომ, კომისიის თქმით, რეკომენდირებულია:
- საშუალოვადიან პერიოდში – ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაცია და სექტორული მონიტორინგის სისტემის განვითარება;
- გრძელვადიან პერიოდში – ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდა, ასევე კერძო ეტიკეტის (Private Label) განვითარება კონკურენციის გაძლიერებისთვის;
- მოკლევადიან პერიოდში – მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე ფასის შემცირებას ბაზრის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე.
ამავე დასკვნაში, კომისია საწვავთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ უნდა გაძლიერდეს მარაგების მართვა, რაც „უზრუნველყოფს მიწოდების უწყვეტობას და მოკლევადიან პერიოდში ამცირებს ფასების მკვეთრი რყევების რისკს”.
დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის სტიმულირება, რადგან მომწოდებელი ქვეყნების დივერსიფიკაცია ამცირებს ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულებას და ზრდის სექტორის მდგრადობას გარე შოკების მიმართ.
კომისია რეკომენდაციას გასცემს ასევე, რომ ოპტიმიზდეს ლოჯისტიკური ჯაჭვი, რაც „საწვავის ფასის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შიდა ფაქტორს” წარმოადგენს. ამასთან, „რაც უფრო მოკლე და ეფექტიანად ორგანიზებულია მიწოდების ჯაჭვი, მით ნაკლებია ხარჯების აკუმულაცია თითოეულ ეტაპზე და მით უფრო ოპტიმიზებულია საბოლოო ფასის სტრუქტურა”.
უშუალოდ მედიკამენტების ნაწილში, რეკოემენდაციის სახით მითითებულია, რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოება, ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება, რეგისტრაციის მექანიზმების ოპტიმიზაცია და ეროვნული რეჟიმის გაძლიერება, მონიტორინგის და დეფიციტების პრევენციის ინტეგრირებული სისტემა და ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
დასკვნის ბოლოს, კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივ დანერგვას, რადგან „მიდგომა აჩქარებს მომსახურების პროცესს და ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის ობიექტებში”.
დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა დღეს სხდომაზე დასკვნის განხილვისას განაცხადა, საქართველოში ბაზარი მუშაობს „საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით” ანუ პროდუქციის დიდი ნაწილი ფასდაკლებებით იყიდება და არ არის ე.წ გასაშუალებული ფასი.
დასკვნის თანახმად, ბაზარზე წარმოქმნილი გამოწვევები ფასებთან დაკავშირებით დაკავშირებულია:
- ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული ძალების ასიმეტრიით;
- მაღალი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნისა და გადახდების გახანგრძლივებული ვადებით; მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობისა და ლოგისტიკური ხარჯებით;
- ბაზრის არასაკმარისი გამჭვირვალობით, განსაკუთრებით კომერციული პირობების ნაწილში.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ეს ფაქტორები ერთობლივად ქმნის ფასის ფორმირების სისტემურ გარემოს და ზღუდავს ფასების შემცირების შესაძლებლობას სტრუქტრული ცვლილებების გარეშე.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრების ფარგლებში 62 კომპანიას შეხვდა, რომლებიც „სექტორის ძირითად მოთანაშეებს” წარმოადგენდნენ. არაკომისიის ფარგლებში შეისწავლეს 82 კომპანიის საოპერაციო ხარჯები. ასევე 3 თვის განმავლობაში, 28 თებერვლიდან-26 აპრილის ჩათლით მიდიოდა საკვებ პროდუქტებზე მონიტორინგი საველე პირობებში, სადაც კონკრეტული ჯგუფი აკვირდებოდა ფასებს სხვადასხვა ქსელში და აქციებს.
დასკვნით დოკუმენტს ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა არც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” და არც „ხალხის ძალამ”. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ კომისიის წევრებს აღნიშნული დოკუმენტი გვიან გაეგზავნათ და მის სრულად გასაცნობად, დრო არ იყო საკმარისი.
დღეს სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა თქვა, რომ ფასების შესამცირებლად საჭიროა ქვეყანაში „ჯანსაღი კონკურენცია”.
„ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები ამდენს ვერც გაბედავდნენ, ვერც მიაღწევდნენ და არც ჩაიდენდნენ ასეთ არასწორ ქმედებებს, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველობთ, თორემ ამდენ ხანს ასე ვერ განვითარდებოდნენ ესენი. ბოლოს დავამთავრებ იმით, რომ ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რადგან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ეს ასე მოხდება” – თქვა შალვა კერესელიძემ.
ფასების რეგულირების კომისიის დასკვნამ კრიტიკა გამოიწვია ფსევდო-ოპოზიციური პარტიის, „ხალხის ძალის” წარმომადგენლებშიც. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს, თუმცა ნაკლებადაა მასში კონკრეტული რეკომენდაციები.
„რაც შევამჩნიეთ, ეს ჰგავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს, რაც საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას შემუშავებული. 100-გვერდიანი დოკუმენტი ვერ ვიტყვი, რომ გამოუსადეგარია, ან ნაშრომი არ არის, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ სჭირდება დრო რომ გავეცნოთ და ასევე, აუცილებლად საჭიროა, რომ უფრო მეტი კონკრეტული რეკომენდაციები იქნას გაცემული” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.