WOMEN ARE „WELCOME"

ქალებს 21-ე საუკუნეში ხომ ყველაფერი აქვთ. ზოგს მართლა გულუბრყვილოდ ვერ წარმოუდგენია, თუ რა შეიძლება აკლდეთ ქალებს ეპოქაში, სადაც ქალი-პრეზიდენტები, თავდაცვის მინისტრები, ასტრონავტები, სამხედრო კომანდირები, მფრინავები და კვანტური ფიზიკის კორიფეები ჩვეულებრივი მოვლენაა.

ერთი შეხედვით, არც არაფერი  – გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ, არჩევნებში მონაწილეობენ, უნივერსიტეტებში სწავლობენ, დასაქმებულნი არიან ბევრ სფეროში, ფლობენ კაპიტალს, ხელმძღვანელობენ კომპანიებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოაქვთ, მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე პარლამენტსა თუ ევროსაბჭოში, დებატებში ხომ პირველობას ვინ დაასწრებს.

ჰოდა, ასეთი რა საჭიროებაა ფემინიზმის საქართველოში, ქვეყანაში, სადაც, ქართველების რწმენით, ქალების პატივისცემა არ ეშლებათ. უფრო მეტიც, ჩვენთან ქალის კულტია. „რისთვისღა იბრძვით ქალები და საერთოდ რა გინდათ? რა დაგრჩათ გასარჩევი? კიდევ რა არ გყოფნით?“ – ისმის კაცებისგან გონორით წამოძახებული კარგად ნაცნობი ფრაზა, რომლებმაც ფემინიზმის არსებობის გამამართლებელი ლოგიკა ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს.

ასეთი მიმართვით კაცები გეგონება, ამადლიან იმას, რასაც ქალებმა თავადვე მიაღწიეს. ქალებს თუ რამის უფლება აქვთ, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრებს, ისევ  თავიანთი უდრეკი ნებისყოფის, ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის ფასად. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კაცების როლი თუ დამსახურება ამ ამბავში ყველაზე ნაკლებად გამოიკვეთება. დასამადლებელიც ქალებს არაფერი არ გვჭირს, არც ვალი გვმართებს კაცების.

რიტორიკა, რომ თანამედროვეობის ქალებს თავი ქუდში აქვთ, კიდევ რა არ ყოფნით და რისთვის იბრძვიან, უსაფუძვლოა. ასე რომ იყოს, ფემინიზმისა და ქალების უფლებების დაცვის საჭიროება, უბრალოდ, არ იარსებებდა როგორც საქართველოში, ასევე  ბევრ სხვა ქვეყანაში. ფემინიზმის საჭიროება განპირობებულია პატრიარქატის პირმშოების წარმატებული არსებობით: გენდერული უთანასწორობა, დისკრიმინაცია, სექსიზმი, როგორც გენდერული სოციალიზაციის ნაყოფი, ყოველდღიურობაში გვახსენებს თავს.

ქალის ხმა არ ისმის. კაცებს არ ესმით ქალების. არც სურთ, რომ მოუსმინონ. არადა მოსმენა არ იქნებოდა ურიგო. იქნებ, მაშინ მაინც გაეაზრებინათ:

– რას ნიშნავს, როცა სექსიზმის გაკვეთილებს გიტარებს ყველა, ვისაც არ ეზარება და ადგილს გიჩენს;

– რას ნიშნავს, როცა პირადი ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლა და თავის გამართლება გიწევს;

– რადგან გაქვს ვაგინა, ხარ რეპროდუქტიული წნეხის ქვეშ და სხვების მიერ შენთვის, როგორც ქალისთვის, წინასწარ დაწესებული მატრიმონიალური მისია თუ არ შეასრულე, მაშინ გელის საყოველთაო კრიტიკა, ვერშემდგარ ქალად აღიარება, გარიყვა და შეცოდება ბონუსად.

როგორ უნდა გაიგონ ის, რომ შენი სექსუალურობა საყოველთაო კონტროლზეა და გიწევს იმის დამტკიცება, რომ შენს სხეულზე სუვერენული უფლება მხოლოდ შენ გეკუთვნის და არა ვინმე სხვას ან სხვებს – ოჯახს, უბანს, სანათესაოს, სანაცნობოსა თუ სრულიად მოსახლეობას;

– თუ რას ნიშნავს, როცა საკუთარი საშვილოსნო მილების გადაკეტვაზე კაცის თანხმობა გჭირდება;

– თუ რას ნიშნავს, როცა საზოგადოება უგულებელგყოფს, არ გაღიარებს სრულუფლებიან წევრად, არ გაღიარებს კაცის თანასწორად;

– რას ნიშნავს, როცა მუდმივად გარშემომყოფთა მოლოდინის გამართლების რეჟიმში ხარ. იმ ვითარებაში ცხოვრობ, სადაც კარგი ქალის, შვილის, დის, რძლის, შეყვარებულის, ცოლის, დედის სახელს „დამსახურება“ უნდა. ასე ჩაგესმის და ასე გჯერა. გესმის უწყვეტ რეჟიმში სწავლა-დარიგება, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, რა უნდა იცოდეს, თუ არ იცოდეს, რა შვენის და რა ეკრძალება. ჭკუის დამრიგებლები საქართველოში ხომ არ გვიჭირს. შემდეგში კი არავინ ინტერესდება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს „კეთილ რჩევებს“;

–თუ რას ნიშნავს, როცა შენზე ძალადობენ ფიზიკურად ან/და ფსიქოლოგიურად. რას  ნიშნავს, როცა შეშინებული, დათრგუნული და ფსიქოლოგიურად განადგურებული ხარ. რას ნიშნავს, როცა შენი დამცველი არავინაა, გამმეტებელი კი ბევრი;

– რას ნიშნავს, როცა გინდა, შიშს მოერიო და მოძალადეს განერიდო, მაგრამ გასაქცევი არსად გაქვს;

– რას ნიშნავს უსახლკარობა. როგორ უნდა გაიგონ ის, რომ მემკვიდრეობიდან წილი არ გერგო. ქალი ხომ მემკვიდრეობაში კაცს არ უნდა შეუზიარდეს, რადგან მას უბრალოდ „არ ეკუთვნის“. კანონით კი ეკუთვნის, მაგრამ რამდენი ითვალისწინებს კანონს?

კაცებს არ უყვართ, როცა მათ ქალები ეჯიბრებიან. მათ არ უყვართ ქალები თავიანთ ბანაკებში, რადგანაც ღირსეულ კონკურენტებად მხოლოდ თავისნაირებს, ანუ კაცებს მიიჩნევენ. თუკი, მაგალითად, კოლეგა ან კონკურენტი კაცს ვერ უტოლდება პროფესიული გამოცდილებით, უნარებით ან გამჭრიახობით, მას მაინც ურჩევნია ეს კოლეგა ან კონკურენტი კაცი იყოს, „აბა სულელ ქალს რა აიტანს“. გენდერული კვოტირების რადიკალური მოწინააღდეგეების პოზიცია ზუსტად სულელი ქალების ვერ ატანით აიხსნება.

კაცების ნაწილი, ასე თუ ისე, ხვდება გენდერული უთანასწორობის დედააზრს, მაგრამ რაც საკუთარ ტყავზე არ გამოუცდიათ, იმას როგორ ჩასწვდებიან. როგორ შეიგრძნობენ სიტუაციის სრულ მშვენიერებას, როცა შენ მეორეხარისხოვანი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ხარ მათნაირი. მეტიც, კაცებთან ერთად ქალებიც ვერ ხვდებიან ამას. ის ქალები, რომელთაც მოსწონთ თავიანთი „ადგილი“ და თანასწორობა ბოდვა ჰგონიათ.

ქალი ხომ  ყოველთვის სადღაც სხვაგან იყო, სადღაც მოშორებით, ყველგან, ოღონდ არა კაცის გვერდით: ოჯახში ხომ „უფროსი“ უნდა იგულისხმებოდეს, უფროსად კი – კაცი. „კაცის სიტყვა ბოლოა“, „კაცი თავია, ქალი კისერი…“, „წარმატებული კაცის უკან ქალი დგას“ და ა.შ.

„ცოლი არ გამოადგა და უკან გამოაბრუნა, უკან გამოუშვა“. ქალი მადლობელი უნდა იყოს, რომ „ითხოვონ“ და „უკან არ გამოაბრუნონ“. ქალი ქმარს და ოჯახის წევრებს უნდა გამოადგეს, ისევე, როგორც ნივთი და თუ არ გამოდგა, დააბრუნებენ ისევ, როგორც „ითხოვეს“, ქალზე კი იტყვიან – „განათხოვარი“ ან „გამობრუნებული“, მაგრამ არა „განქორწინებული“.

იქ, სადაც კაცი პრივილეგირებულია, ხოლო ქალის ობიექტივიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, იმ საზოგადოებაში ქალს სრულყოფილ წევრად არც აღიქვამენ. ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ წარსულს რომ არ ბარდება მსგავსი დამოკიდებულება, მაგიტომაც ვართ კარგ დღეში. ამის გამოსწორება მხოლოდ სისტემურად თუ შეიძლება. ეს შეუსრულებელი მისია არ არის. ამის დასტურია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია, სადაც თანასწორობას ქადაგებენ. ამ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა სინამდვილედ აქციეს. იქ ქალი ადამიანია, მოქალაქე და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.

გამოსწორებამდე და ცვლილებებამდე კი ჩვენი ყოველდღიურობა, მედიასივრცე და საზოგადოების მენტალობა, მსოფლიოს აღქმა იქნება იმ ფასეულობებით გაჯერებული, რომელსაც პატრიარქალური ჰქვია, სადაც საზოგადოება ფალოცენტრულია.

კიდევ რა, თუ არა სელექციური აბორტების ცნობილი სტატისტიკა ცხადყოფს, თუ როგორ მიესალმებიან ქალების დაბადებას ჩვენთან. რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ კვლევამდე და სტატისტიკამდე პირად საუბარში პირველად გავიგე, რომ ბავშვების ყოლის მსურველი ქალები უპირატესობას თურმე მუცლიდანვე ბიჭებს ანიჭებდნენ და ეს ნორმალურად მიაჩნდათ. აღმოჩენას წინ უძღოდა ფრაზა – „როცა გაიგო, რომ მეორე ბავშვი გოგო ეყოლებოდა, აბორტი გაიკეთა“, ამას მოჰყვა სხვა ქალების მსგავსი ისტორიები. აბორტს, ზოგადად, გმობენ, მაგრამ სელექციურ აბორტს არ აპროტესტებენ. ქალების დისკრიმინაცია მათ დაბადებამდე იწყება და არც შემდეგ წყდება. ბიჭების ამქვეყნად მოვლენას ქართული ოჯახები (და მათთან ერთად საახლობლო, სანათესაო თუ სანაცნობო) ზარზეიმით აღნიშნავენ დღემდე, ვიდრე გოგოს დაბადებას. სხვანაირად აბა როგორ! „ბიჭი ხომ მაინც ბიჭია“.

კაცებს ეშინიათ დაცინვის.
ქალებს ეშინიათ იმის, რომ მათ მოკლავენ – მარგარეტ ეტვუდი.

საქართველოში ქალებს უმოწყალოდ ხოცავენ. ვინ არის ამ დროს ქალი? ის საკუთრებაა – უუფლებო, უსულო ნივთი, რომლის განადგურება გამართლებულია.

პრობლემურია თვითონ დამოკიდებულება ფემიციდისა და ქალთა მიერ ძალადობის მიმართ საზოგადოებაში, როცა დამნაშავეს დამნაშავედ არ ცნობენ, მსხვერპლს კი მსხვერპლად და დამნაშავის გამართლებისთვის მსხვერპლს დამნაშავედ ასახელებენ. ასეთ საზოგადოებაში ქალი კაცის თანასწორი არ არის. “საწყალი ქალი. არ უნდა მოეკლა, მაგრამ…” ამ “მაგრამს” მოყვება ქალის ქილიკით და გმობით დამნაშავე მკვლელის გამართლება. (ლოგიკა „ქალი კი ცოდოა, მაგრამ მან ეს დაიმსახურა“, „ნეტავ ასეთი რა გააკეთა”) სანამ ამ “მაგრამს” დავუშვებთ ჩვენს ცნობიერბაში, იქამდე არაფერი შეიცვლება.

ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, განათლებაზე მიუწვდომლობა, ქალების ადრეულ ასაკში იძულებით ქორწინება, სქესობრივი განათლების არარსებობა, ქალების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება გენიტალიების დასახიჩრებით – ის მწვავე პრობლემებია, რომლებიც ფემინისტებისა და უფლებადამცველების დღის წესრიგში დგას.

ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ იმ აზროვნების სხვადასხვა თაობის ადამიანები ცხოვრობენ, ვისთვისაც კაცი ქალზე უპირატესია, ქალი კაცის თანასწორი არ არის, ქალის ადამიანობა აპკით განისაზღვრება, ემანსიპირებული ქალი – ბოზია, შვილიან ქალთან ქორწინება შეცდომაა, რადგან შვილი ნაკლია. საქართველოში, სადაც დედისა და ბავშვის ლამის კულტია, სადაც ბავშვზე უძვირფასესი არავინაა, შვილი – ნაკლია, რომელიც „ფასადს აფუჭებს“.  ჩვენი საზოგადოება ხომ ორმაგი სტანდარტით საზრდოობს.

პროგრესულ ეპოქაში დღევანდელ საქართველოში „ქალებს კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ სიცოცხლისა და საკუთარი უფლებებისთვის. ეს ლეგიტიმურია.