„ველოდები ექსპერტიზის დასკვნას. სავარაუდოდ, გულის შეტევა იყო“ – გარდაცვლილი მაღაროელის მეუღლე

პუბლიკა

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში, სამუშაოს შესრულების დროს 57 წლის მერაბ მუმლაძე გარდაიცვალა. მაღაროელის მეუღლე მანანა კაპანაძე „პუბლიკასთან“ მეუღლის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მანანა კაპანაძის თქმით, მეუღლე, რომელიც მაღაროში გამაგრებით სამუშაოზე მუშაობდა, სამსახურში დილით წავიდა. მისივე თქმით, მერაბს წასვლამდე ჯანმრთელობის შესახებ არ დაუჩივლია. ჩვეულებრივად კონტაქტური იყო თანამშრომლებთანაც, გარდაცვალებამდე.

„ველოდები სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს. მითხრეს, რომ 10-20 დღემდე უნდა დასკვნის მიღებას… მაინტერესებს, რით გარდაიცვალა – თრომბი იყო ეს, გულის შეტევა თუ ფილტვის თრომბი, უბრალოდ მინდა ვიცოდე“, – ამბობს მანანა.

„მე მარჩენალდაკარგული ადამიანი ვარ. ის ხომ მარჩენალი იყო… თუ კომპანია დამეხმარება კომპენსაციით, მადლობელი ვიქნები“, – ამბობს მანანა კაპანაძე „პუბლიკასთან“.

ჭიათურაში მანგანუმს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მოიპოვებს. კომპანიის წარმომადგენელი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მერაბ მუმლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

„გულის შეტევით გარდაიცვალა ეს ადამიანი. ერთადერთი ეს შემიძლია დაზუსტებით გითხრათ. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი. ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ”, – ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი „პუბლიკასთან”.

მისივე თქმით, მერაბ მუმლაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩანიშნულია და დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.