აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა.
“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.
2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან – 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,232-ს.
მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაა 1,045. ამასთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს 26,000 დევნილი შემატა. საერთო ჯამში კი დღეს საქართველოში სულ 263,598 დევნილია.