დამოუკიდებელმა დეპუტატებმა განცხადებების შემდგომ პლენარული სხდომა დატოვეს

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პლენარული სხდომა დატოვეს.

მათი განმარტებით, სესია მას შემდეგ დატოვეს, რაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

„არანაირი სურვილი არ მაქვს, იმას დავესწრო, ჯილდოებად როგორ დაურიგებენ ახლა თანამდებობებს იმ ხალხს, ვინც პარტიის თავმჯდომარის დავალება შეასრულა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღეს დეპუტატები საპროტესტო აქციის ფონზე შევიდნენ პარლამენტში. გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის სამივე შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული. შსს-ს ცნობით, აქციის დაშლისას დაშავდა 3 ადამიანი, დაკავებულია 28 პირი.