გულს უხარია კარგად დალაგებული სახლი, დალაგებული ქვეყანა ხომ – მით უფრო. მოწესრიგებული, მწკრივებად და სერიებად დალაგებული აზრები თანამედროვე მანტრაა და საკუთარი შამანებიც ჰყავს. მაგრამ ეს გმირი – წესრიგი – რაღაც წერტილში ბნელ მხარეს გადადის, სიმშვიდის და კეთილდღეობის ცრუ, სტაბილურ შეგრძნებას ქმნის, სინამდვილეში კი შესაძლებლობების, ახალი აღმოჩენების კარს საგულდაგულოდ გმანავს, გადაულახავ ჩარჩოებს აგებს და ხავსივით ედება გარემოს. მერე გამოჩნდება ვინმე თავზეხელაღებული და ყველაფერი თავიდან იწყება: გარღვევა, ახალი წესრიგი და კვლავ გარღვევის მოლოდინი. ასეა მუდამ, ასეა ყველგან – ასეა ბიზნესშიც. დღევანდელი ბლოგი სტარტაპებზეა, მათზე, ვინც ბიზნესში „სისწრაფემ გაიტაცა და არღვევს წესრიგს“.
დღეს საქართველოში ბიზნესწესრიგს ცოტა თუ არღვევს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. სტარტაპი არც მცირე ბიზნესია და არც ტრადიციული გზით სიარული. ეს ისეთი ბიზნესწამოწყებაა, რომელსაც ზრდის დიდი, გეოგრაფიულად შეუზღუდავი, პოტენციალი აქვს და, ამავდროულად, ბაზარს პრობლემის არაორდინალურად გადაჭრის გზებს სთავაზობს. სტარტაპში რისკი ძალზე მაღალია, ბევრი განუზღვრელობაა და რთულია, დარწმუნებით თქვა, როდის მოიტანს კოკა წყალს. ეს წამოწყება ხანგრძლივი დროის მანძილზე უწყვეტ ინვესტიციებს ითხოვს – მოგების გარეშე, იმ იმედით, რომ ერთ განსაკუთრებულ წერტილში გამბედავები დიდ ჯილდოს მიიღებენ. წარმატებულ სტარტაპს დოვლათი და კეთილდღეობა მოაქვს არამხოლოდ დამფუძნებლებისთვის, არამედ ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის. ხშირად მას ახალი ცოდნა და ტექნოლოგია შემოაქვს ბაზარზე, ამკვიდრებს ახალ მიდგომებს, ქმნის ახალ ბაზრებს ან ძველ, ტრადიციულ ბაზრებზე ამძაფრებს კონკურენციას, გაზარმაცებულ მოთამაშეებს აიძულებს, დაიხვეწონ და უკეთესი მომსახურება/პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს. სტარტაპები ცვლიან იმ გარემოს, ქალაქებს სადაც იწყებენ საქმიანობას, ცვლიან ინდუსტრიებს – „ეარბიენბი“ სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა სტუმარ-მასპინძლობის ბაზარზე და მის გამო ყველა მოთამაშეს მოუხდა ინდუსტრიის ბიზნესმოდელის გადააზრება.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით, გაუფასურებული ლარით, მინავლებული ტურიზმით, ავი მეზობლებითა და უპასუხისმგებლო მძღოლებით აფორიაქებულ ნიუსფიდზე ერთი კარგი ამბავი შემომხვდა. მობილური აპლიკაცია „ფაბერის“ თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი წერდა, რომ ცნობილი საკომუნიკაციო პლატფორმის, „უოთსაფის“ ერთ-ერთი მთავარი დეველოპერის, იუჟინ ფუქსმანის ოჯახი „ფაბერის” პირველი ენჯელ ინვესტორი გახდა. ვისაც სტარტაპერობა გიცდიათ, მიხვდებით, ეს რამხელა წარმატებაა. „ფაბერამდე“ იყო „პულსარ ეი აი“, პირველი ქართული კომპანია, რომელმაც სილიკონ ველის ინვესტორებისგან დაფინანსება მიიღო. და აი ზუსტად ახლა, როდესაც ამ ბლოგს ვწერ, კიდევ ერთ კარგ სტარტაპ ამბავს ვიგებ: ქართული სტარტაპი “სთექი“, რომელიც ინტერნეტბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის, 850 000 დოლარით დაფინანსდა – კვლავ უცხოელი ინვესტორსგან. გასაკვირი არ არის, რომ სუსტი ეკონომიკის, მცირე დანაზოგების მქონე საქართველოში, სადაც დაფინანსების მოძიების მთავარი წყარო საბანკო კრედიტია, უმეტესად უცხოურ სტარტაპებზე გვესმის, მაგრამ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ქართული სტარტაპ ყინულიც ლხვება.
ფაბერის წარმატება რომ შევიტყვე, გადავწყვიტე, მის დამფუძნებელს, გიორგი ჩუგოშვილს დავკავშირებოდი, რომ სტარტაპის ავან-ჩავანზე გვესაუბრა და შემდეგ მთავარი მიგნებებისთვის ამ ბლოგში მომეყარა თავი.
დასაწყისი და პირველი დასკვნა
„ფაბერი“ მობილური აპლიკაციაა. ფეისბუქზე საკუთარ თავს ასე აღწერენ „ სოციალური შოპინგის აპლიკაცია და ციფრული პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თავის მოვლის და აქსესუარების გაყიდვისა და შეძენის მსურველებს“. გიორგიმ ბრიტანული “დეპოპ შოპის“ ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, მსგავსი პლატფორმა საქართველოშიც შეექმნა. მას ბიზნესში კარგი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, უკვე არაერთ კომპანიაში ემუშავა საპასუხისმგებლო პოზიციაზე და ბიზნესის მართვის აპექტები მისთვის უცხო არ იყო. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. იდეაზე მუშაობამ მიახვედრა, რომ პარტნიორად სჭირდებოდა ადამიანი, ვისაც ესმოდა და აინტერესებდა მოდა. ცოტა ხანში უკვე ახალ პარტნიორთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გააგრძელა იდეაზე მუშაობა. საუბარში პირველი დასკვნაც გავაკეთეთ: სტარტაპის წარმატებაში სფეროს ცოდნას დიდი წვლილი მიუძღვის. თითქოს ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ხშირად სტარტაპი იდეას ისე ეჭიდება, რომ კრიტიკული ცოდნა პარტნიორებში არ მოიპოვება და ეს მარცხის მიზეზი ხდება.
ეს ის არის, რაც გვგონია?
უკვე ვთქვი, რომ სტარტაპი იოლი საქმე არ არის, რისკიანია, ბევრი ბუნდოვანებაა, გაუკვალავი გზაა. და კიდევ ერთი: სტარტაპერისგან მრავალი წლის მანძილზე ერთგულებას, მუხლჩაუხრელ შრომას მოითხოვს, რომ ნაყოფი გამოიღოს. გიორგი ამბობს, რომ შეუძლებელია, ერთდროულად ორ სტარტაპზე იმუშაო, ურთულესი, მაგრამ შესაძლებელია სტარტაპის და სამსახურის დროებით ერთმანეთთან შეთავსება. მთავარი კი არის, დავფიქრდეთ: გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების ხუთი, ათი და მეტი წელი სრულად მივუძღვნათ ამ საქმეს?
დრო გადამწყვეტია
ბიზნესში არსებობს ცნება Minimum Viable Product (სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის მინიმუმი) – პროდუქტი/მომსახურება, რომელსაც მხოლოდ არსებითი თვისებები აქვს. პროდუქტს შემქნელი მომხმარებლის რეალურ ქცევაზე დაკვირვებით ავითარებს და ამდიდრებს. გიორგის აზრით, სტრატაპი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მალე წარუდგინოს ბაზარს თავისი პროდუქტი და უმჯობესია, პროდუქტი მხოლოდ არსებით თვისებებს ფლობდეს – დროულად მოქმედება სტარტაპში გადამწყვეტია. გადამწყვეტია რესურსის ეფექტურად ხარჯვაც. ხშირად სტარტაპები პროდუქტს დიდხანს უკირკიტებენ, ცდილობენ ის სრულყონ და ბაზარს მხოლოდ ამის შემდეგ გააცნონ. არც თუ იშვიათად, საწყისი პროდუქტის სრულყოფაზე დახარჯული დრო ფუჭად არის დაკარგული, რადგან აღმოჩნდება, რომ არასწორად შეგვიფასებია მომხმარებლის სურვილები და რეალურად ბევრი თვისება თუ ფუნქცია, რაზეც უამრავი დრო დაიხარჯა, საერთოდ არ სჭირდება მომხმარებელს. პროდუქტის მინიმალური ვერსიით ფაბერს ერთ თვეში 10 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. პროდუქტის განვითარება და სრულყოფა რეალურ გარემოში გაგრძელდა, ხელშესახები გამოცდილების და მომხმარებლის გამოხმაურების საფუძველზე.
მუდმივი ზრდა
სტარტაპს რიგითი ბიზნესწამოწყებისგან მასშტაბი გამოარჩევს, უფრო სწორად, მასშტაბის პოტენციალი. დღეს სტარტაპად ნაკლებად განიხილება ისეთი წამოწყება, რომელიც ვერ გაცდება მცირე გეოგრაფიულ საზღვრებს ან მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას. სტარტაპის შეფასებისას ინვესტორიც სწორედ ზრდის პოტენციალს ეძებს მასში. გიორგი ამბობს, რომ ზრდა სტარტაპის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რაც უფრო სწრაფი, მით უკეთესი. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზრდა შესაძლოა მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს, კომპანიის გადაწვა გამოიწვიოს. ისეც ხდება, რომ სტარტაპები ფეხს ვერ უბამენ თავიანთ წარმატებას – უჭირთ ორგანიზაციული გადაწყობა, კომპანიაში ახალი ფუნქციების შემოტანა, საჭირო ადამიანების შემოკრება, პროცესების გამართვა. აქ უკვე ბიზნესის მართვის უნარები იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ბაზრის მოზრდილი წილი მას რჩება, ვინც ამ ამოცანას გაართმევს თავს.
საქართველოში იბადებოდნენ…
ფაბერი საქართველოში დაიბადა და სულაც არ წუხს ამაზე. გიორგი ამბობს, რომ ფაბერს არასდროს მოიაზრებდნენ ლოკალურ პროდუქტად, ის უნდა გახდეს საერთაშორისო აპლიკაცია, რომელიც საქართველოში დაიბადა და რომელიც საქართველოდან იმართება. ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, რომ საქართველოს „ფაბერი“პროდუქტის დასახვეწ და დიდ ბაზრებზე გასაშვებად მოსამზადებელ გარემოდ მოიზარებს. ნაცნობი გარემოს და მცირე მასშტაბების გამო ეს პროცესი აქ უფრო მარტივი და ნაკლებხარჯიანია, ვიდრე რომელიმე სხვა ბაზარზე.
საქართველოში დაბადების სირთულეს რაც შეეხება: აქ სტარტაპებს დაფინანსების არც ისე მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, საკრედიტო ინსტიტუტები სტარტაპებს იშვიათად აფინანსებენ. რჩება სახელმწიფო პროგრამები, ძირითადად, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ სხვადასხვა ზომის გრანტი და „500 ჯორჯია“ – სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის, „500 სტარტაპსის“ პროგრამა საქართველოში, რომელიც საქართველოს ბანკის თაოსნობით ხორციელდება. ქართველ ინვესტორებს ჯერ-ჯერობით რისკიანი და გრძელვადიანი პროექტებისკენ გული არ მიუწევთ. არ გავუშვი შანსი ხელიდან და კითხვა „რატომ“ გიორგისაც დავუსვი. გიორგის აზრით, ქართველი ინვესტორისთვის სტარტაპი ჯერ ძალიან უცხო ცხოველია, სულ რამდენიმე წელიწადია, რაც ქვეყანაში სტარტაპები გაჩნდა, წარმატებული მაგალითები კი ჯერ არ არსებობს. გარდა ამისა, ქართველი ინვესტორისთვის ჯერ კიდევ პრიორიტეტია მოგების მოკლე დროში მიღება; ეს კი სტარტაპში შეუძლებელია.
როგორც ვხედავთ, რთულია სტარტაპების გზა, განსაკუთრებით საქართველოში, მაგრამ ჩნდებიან ისეთები, ვისაც აწუხებს დამდგარი წესრიგის მონოტონურობა და ჯიუტად მიიკვლევს გზას განსაკუთრებული ჯილდოს მოლოდინში.
ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი