პირველი არხი: მარნეულში ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეულია ვიდეოკამერა

პუბლიკა

„მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია”, – წერს პირველი არხი.


„მთავარი არხის” ცნობითაც, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფებსაც დაესხნენ თავს.

„არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები”, – წერს „მთავარი არხი”.


მარნეულში  ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

„მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანების თქმით, ჟურნალისტ ჯეიხუნ მუჰამედალიზე თავდასხვა მას შემდეგ მოხდა, რაც მან მარნეულიდან პირდაპირი ჩართვა დაასრულა.


„პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მასალა განახლდება.